Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ფრიდკინი რომას ახალი მფლობელია

უკვე ოფიციალურად, ჯეიმს პალოტამ რომა გაყიდა და გუნდი დენ ფრიდკინის ხელში გადავიდა.

გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ახალი მფლობელის ხელში, რომა დღეს ახალ ერას იწყებს. Friedkin Group ადასტურებს, რომ Romulus and Remus Investments-ისგან გუნდის აქციების 86.6 პროცენტი დენ ფრიდკინის ხელში გადავიდა და გუნდის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.“

კომენტარი თავად დენ ფრიდკინმაც გააკეთა:

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რომას დიდი ოჯახის წევრები გავხდით. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა:“გახადეთ ეს გამორჩეული გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო“ და ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ.

„გუიდო ფიენგამ უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ ის თავის მოვალეობებს შესანიშნავად უმკლავდება და ჩვენ ერთად არაჩვეულებრივ, ამბიციურ ბიზნეს-გეგმას შევიმუშავებთ.

„ჩვენ მას ყველა საკითხში თანადგომას ვუცხადებთ და მზად ვართ, გუნდის განვითარება მისი კარნახით წავმართოთ.

„ჩვენ გვსურს, რომ გუნდში გრძელვადიანი განვითარება დაიწყოს და ნაჩქარები და აზრს მოკლებული, ფასადური ცვლილებების არ გვწამს.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჯეიმს პალოტას ყველაფრისთვის, რაც მან გუნდისთვის გააკეთა. ის და მისი გუნდი ყველაფერში ძალიან გვეხმარებოდნენ და მინდა, რომ მომავალში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

„და ბოლოს, არ შეიძლება არ ვახსენოთ გუნდის ქომაგები და Curva Sud. ჩვენ, ყველა ერთად მხარდამხარ დავდგებით და ახალი, უფრო ძლიერი რომას მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს.“

კომენტარი რომას გენერალურმა დირექტორმა, გუიდო ფიენგამაც გააკეთა:

„რომასთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დენთან და რაიანთან მუშაობის საშუალება მომეცა. მათი სურვილი, რომ გუნდი ახალ საფეხურზე აიყვანონ, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშეა.




„ვამაყობ, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე დარჩენის საშუალება მომეცა. ჩვენ ძლიერ და მყარ საძირკველს ჩავუყრით გუნდს, რომელიც მომავალში ევროპის მწვერვალებს დაიბყრობს.“

და ბოლოს, კომენტარი უკვე გუნდის ყოფილმა მფლობელმა, ჯიმ პალოტამ გააკეთა:

„მინდა დენს, რაიანს და რომას თითოეულ ფეხბურთელსა თუ სტაფის წევრს წარმატებები ვუსურვო.

„როგორც რომას ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს მასშტაბით, მეც მსურს, რომ ფრიდკინმა გუნდის მართვაც ისე წარმატებულად შეძლოს, როგორც ამას ის ბიზნესში აკეთებს და რომა იმ საფეხურზე აიყვანოს, რასაც ის იმსახურებს. ეს მართლაც რომ გამორჩეული გუნდია და ჩემს გულში ჯალოროსის ადგილი ყოველთვის იქნება.“

ფრიდკინს ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც მიესალმა. მან ტვიტერზე დაწერა:

„ძვირფასო ფრიდკინ, კეთილი იყოს შენი იტალიურ ფეხბურთში მობრძანება. იტალიური ფეხბურთი უფრო ძლიერი და უფრო მიმზიდველი ხდება უცოელი ინვესტორებისთვის.

„დარწმუნებული ვარ რომ შენ, როგორც თითოეულ ჩვენგანს, გსურს რომ იტალიური ფეხბურთის სისტემა უფრო გააუმჯობესო და სპორტი და სანახაობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.