Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარატიჩის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იუვეში

ფაბიო პარატიჩი, რომელმაც იუვენტუსში 11 წელი გაატარა, ტოტენჰემის დირექტორად უკვე ოფიციალურად დაინიშნა. ის იუვენტუსს 2010 წელს სამპდორიადან შეუერთდა და გუნდში ყოფნის პერიოდში ისეთი დიდი ტრანსფერები განახორციელა, როგორებიც ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, ფერნანდო ლორენტე, კინგლის კომანი, სამი ხედირა, დანი ალვეში, აარონ რემსი და ადრიენ რაბიო არიან, თუმცა მან ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაფორმება სრულიად უფასოდ მოახერხა.

თუმცა, პარალელურად პარატიჩიმ საკმაოდ ძვირიანი ტრანსფერებიც განახორციელა და ამ სიის საუკეთესო ათეულს შემოგთავაზებთ.

10. დეიან კულუშევსკი ატალანტადან – 35 მილიონი ევრო

21 წლის შვედი გარემარბი იუვენტუსმა 2020 წლის იანვარში გაიფორმა, თუმცა ერთი სეზონი მან პარმაში გაატარა და იუვენტუსს გასული სეზონის სტარტზე შეუერთდა. მან ბიანკონერის რიგებში სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

9. ლეონარდო ბონუჩი მილანიდან – 35 მილიონი ევრო

ლეო ბონუჩიმ იუვენტუსი ყველასგან მოულოდნელად დატოვა, თუმცა ის გუნდში ერთი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. პარატიჩიმ მის ტრანსფერში გონსალო იგუაინი და მატია კალდარაც ჩართო. 34 წლის უკანახაზელმა იუვენტუსის მაისურით უკვე 442 მატჩი ჩაატარა და ის ასაკის მიუხედავად ბიანკონერის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

8. დანილო მანჩესტერ სიტიდან – 37 მილიონი ევრო

ბრაზილიელი უკანახაზელი იუვენტუსში პრემიერ ლიგიდან ჟოაო კანსელოს სანაცვლოდ 2019 წელს მოვიდა. მან იუვენტუსის რიგებში 78 მატჩი ჩაატარა და ტრავმიანობის დროს თავისი უნივერსალობის დახმარებით გუნდს ყოველთვის ეხმარებოდა.

7. პაულო დიბალა პალერმოდან – 40 მილიონი ევრო

არგენტინელი ვარსკვლავი იუვენტუსს 2015 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ბიანკონერის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. 2019-20 წლების MVP-მ გასული სეზონის პერიოდში არაერთ ტრავმა მიიღო და ანდრეა პირლოს გუნდში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

6. ფედერიკო ბერნარდესკი ფიორენტინადან – 40 მილიონი ევრო

ფედერიკო ბერნარდესკი ალბათ პარატიჩის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია კარიერაში. იტალიელი ფეხბურთელი ფიორენტინაში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებდა და იუვენტუსში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ფედერიკომ თავის წარმოჩენა ვერ მოახერხა და ის დიდი ალბათობით ტურინს დატოვებს.

6. ჟოაო კანსელო ვალენსიადან – 40 მილიონის სანაცვლოდ

ჟოაო კანსელომ იუვენტუსში სულ ერთი სეზონი გაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ის ერთ სეზონში მანჩესტერ სიტიში გადაბარგდა, სანაცვლოდ კი იუვემ დანილო მიიღო.

5. დუგლას კოშტა ბაიერნიდან – 46 მილიონი ევრო

‘ფლეში’ იუვენტუსში ბაიერნიდან 2017 წელს იჯარის წესით გადაბარგდა, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ჯანმდთელი დუგლასი თავის სისწრაფეს და ტექნიკას ტურინში შესანიშნავად იყენებდა, მაგრამ ტრავმებმა მას თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცა. 30 წლის ფეხბურთელი ახლა იჯარის წესით ბრაზილიაში ასპარეზობს და ბიანკონერისთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

4. არტურ მელო ბარსელონადან – 72 მილიონი ევრო

ბრაზილიელი ნახევარმცველი იუვენტუსს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. ის მირალემ პიანიჩის ბლაუგრანაში ტრანსფერის ნაწილი იყო. არტურმა ტრავმების გამო სადებიუტო სეზონში არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ტურინელები მის გაყიდვას განიხილავენ.

3. მატიას დე ლიხტი აიაქსიდან – 85.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ

მატიას დე ლიხტის ტრანსფერი პარატიჩის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გარიგებაა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის გასაფორმებლად ევროპული გრანდების უმეტესობა იბრძოდა, თუმცა იუვენტუსმა აიაქსის ტალანტის ხელში ჩაგდება მოახერხა და დღეისათვის ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.


2. გონსალო იგუაინი ნაპოლიდან – 90 მილიონი ევრო

არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსში მაშინ გამოჩნდა, როდესაც პარტენოპეი ბიანკონერის ტიტულში სერიოზულად ეცილებოდა. მან ტურინში ტრანსფერის შემდეგ 2 შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, თუმცა შემდეგ პროდუქტიულობას უკლო და რამდენიმე იჯარის შემდეგ, MLS-ში გადაბარგდა.

1. კრიშტიანუ რონალდუ რეალიდან – 117 მილიონი ევრო

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის იუვენტუსში ტრანსფერს ალბათ ბიანკონერის ყველაზე დიდი ქომაგიც ვერ წარმოიდგენდა, თუმცა პარატიჩის და იუვენტუსის სტაფის დახმარებით მისი ტურინში ხილვა შესაძლებელი გახდა. გასული სეზონის Capocannoniere-მ იუვეს მაისურით 133 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა.