Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პატო:“ მილანი ჩემთვის ოჯახივით არის“

მილანის ყოფილმა ფორვარდმა ალექსანდრე პატომ როსონერის ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ბრაზილიელი შემტევი მილანს 2007 წელს შეუერთდა , გუნდის მაისურით 150 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 63 გოლთან ერთად 18 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო მან თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა.

„მილანის შესახებ კარგი სიახლეების გაგონება ყოველთვის სასიამოვნოა. მე იტალიური ენა არ დამვიწყებია, იტალიურ ენაზე მოსაუბრე ბევრი მეგობარი მყავს. მინდა ყველა ქომაგი მოვიკითხო.

„როდესაც მე მილანში მივედი, ეს პირველი ნახვით სიყვარული იყო, 2013 წელს კი წასვლა არ მინდოდა. როსონერი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

„მახსოვს ნაპოლისთან დებიუტი, რომელშიც გოლი გავიტანე და რონალდოს გოლის მოპარვასაც ვცდილობდი. მილანში გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო, მე გუნდს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდები.

„შესაძლებელია თუ არა მილანში დაბრუნება ? რატომაც არა, გამორიცხული არაფერი არ არის. როდესაც ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ისეთი დონის გუნდში გადადიხარ, როგორიც მილანია, შენ გარშემო მეგობრების სიახლოვე გჭირდება, მე კი სამწუხაროდ თავიდან მარტო ვიყავი და არავინ მყავდა.

„მოედანზე ძალიან ვერთობოდი, თუმცა მის მიღმა თავს მარტოსულად ვგრძნობდი. სამწუხაროდ მილანში კარიერა ტრავმებით დავიწყე და მე არ შემეძლო ჩემი გრძნობების სხვისთვის გაზიარება.

„როდესაც მოედანზე დავბრუნდი, სამწუხაროდ ტრავმები სულ თან მდევდნენ, შემდეგ კი ბრაზილიაში დაბრუნება მომიწია. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მე არ მიმიღია. ახლა მე 31 წლის ბიჭის ტვინი მაქვს, რომელიც ძველი პატოსგან რადიკალურად განსხვავდება.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელ მილანში მინიმუმ 10 გოლს გავიტანდი. ახლა გუნდი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს და შეტევაში უფრო მეტი სივრცეებია.

„ყველა პრობლემის მიუხედავად, მილანი ჩემთვის მეორე სახლი გახდა. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

„რას ვფიქრობ ახლანდელ მილანზე ? ეს არის გუნდი, რომელსაც ქომაგების ოცნებებსი ახდენა შეუძლია, მათ ტიტულისთვის ბრძოლისთვის ყველაფერი აქვთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს მარტივი არ იქნება, რადგან სხვა კლუბები მილანთან შედარებით აბსურდულად დიდ თანხებს ხარჯავენ.

„იმ რესურსით, რაც მალდინის ხელთ აქვს, მან შესანიშნავად იმუშავა და ახლა ჩანს, რომ ქომაგებს რწმენა უბრუნდებათ ისე, როგორც ეს წლების წინ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონებში მილანი უფრო და უფრო კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.“