Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატი:“ მილანმა ჟირუ უნდა გაიფორმოს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის კარლო პელეგატის ინფორმაციით, მილანმა ზაფხულში ჩელსის ფორვარდი ოლივიე ჟირუ უნდა გაიფორმოს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.

„მილანმა ზლატანში დიდი ინვესტიცია ჩადო და როდესაც ის თამაშობს, თავის კლასს ყოველთვის ამტკიცებს. იბრამ სერია ა-ს პირველ ნახევარში 12 გოლის გატანა მოახერხა, მეორე წრეში კი ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და მისი არყოფნა გუნდს აშკარად დაეტყო.

„ფაქტია, რომ როსონერი ზაფხულში ფორვარდს დაიმატებს. მოდით ვაღიაროთ, რომ ვლაჰოვიჩს მილანი ფასის გამო ვერ გასწვდება, იკარდის კანდიდატურა საკმაოდ საეჭვოა და ვფიქრობ, რომ მალდინი – მასარას დუეტი ჟირუს ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს, რაც სავსებით ლოგიკურია.

„ბრიტანული წყაროები ადასტურებენ, რომ მილანის გარდა ჟირუს გაფორმებას ინტერი და ლაციო ცდილობენ, მაგრამ მისი სტილი მილანს ყველაზე მეტად შეესაბამება და ჟირუს გუნდში მისვლა როსონერის 2-3 წელი ფორვარდის პრობლემას მოუხსნის.“