Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინი:“ სკუდეტოს წელსაც ინტერი მოიგებს“

ინტერის ყოფილი პრეზიდენტის ერნესტო პელეგრინის აზრით, ნერაძური ლიდერებთან ჩამორჩენას აუცილებლად აღმოფხვრის და საბოლოოდ სკუდეტო კვლავ მოქმედ ჩემპიონებს დარჩებათ.

ნერაძურის სერია ა-ს მომდევნო მატჩში სატურნირო ცხრილის ლიდერთან ნაპოლისთან მოუწევს თამაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ინტერი ნაპოლის წინააღმდეგ შესანიშნავ მატჩს ჩაატარებს და სახლში 3 ქულით დაბრუნდება. მე ასევე ვფიქრობ, რომ სკუდეტო კვლავ ჩვენ დაგვრჩება. შესაძლოა ვინმემ ჩემი სიტყვები ზედმეტად ამბიციურად მიიჩნიოს, მაგრამ ნერაძურის სერია ა-ში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.

„ინძაგი ? ის შესანიშნავი მწვრთნელი და ძალიან კარგი ადამიანია. ანტონიო კონტეს შეცვლა მარტივი არ არის, მაგრამ სიმონემ ეს შესანიშნავად მოახერხა და გუნდს სწორი მიმართულებით მიუძღვება. ინტერი კვლავ მოწყურებულია, კარგი მწვრთნელი ჰყავს და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტიტული დაიცვას.

„რა თქმა უნდა, მილანი და ნაპოლი ცოტა გვანერვიულებენ, რადგან მათ შესანიშნავი სტარტი აიღეს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ინტერს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, რომელიც სკუდეტოს მოიგებს.

„რომელ ფეხბურთელს გამოვარჩევდი ? ნიკოლო ბარელა. ის მე ლოთარ მათეუსს მაგონებს, მისი მენტალობა და ბრძოლისუნარიანობა უბრალოდ წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რომ ის ნაპოლის კარში გოლს გაიტანს.“