Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლის პრესკონფერენცია ბოდო/გლიმტთან მატჩის წინ

სტეფანო პიოლიმ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:30 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

მილანს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად კიდევ 2 მატჩის მოგება სჭირდება.

„გუნდი როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით ძალიან გაიზარდა და ეს ყველაფერი იმ დაუღალავი შრომის და ჩვენი ფეხბურთელების ხარისხის დამსახურებაა.

„არ მომწონს ის მიდგომა, რომ თუ გუნდი ხვალინდელ მატჩს წააგებს, ყველაფერს დაკარგავს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის საჭიროა ჩვენი ფილოსოპიით თამაში და მოედანზე იმის კეთება, რაზეც სავარჯიშო სესიების დროს ვმუშაობთ.

„წინ რთული შეხვედრა გველოდება. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ბოლო 20 მატჩიდან 18 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, თუმცა ჩვენ ეს არ გვაშინებს და რა თქმა უნდა, მოედანზე მოსაგებად გავალთ.

„მილანი კარგ ფორმაშია და საბედნიეროდ თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მყავს. ძირითად შემადგენლობაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, გადაწყვეტილებას ხვალინდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ მივიღებ. ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია ეს მატჩი გუნდისთვის და ამ დაპირისპირებას ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს, ჩვენი მეტოქეებისთვის კი ეს გამორჩეული მატჩი იქნება.

„ბოდო/გლიმტი ძალიან კარგი გუნდია, მათ ძალიან სწრაფი გარემარბები ჰყავთ და მათთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება.

„იბრაჰიმოვიჩი? მე მისმა შესანიშნავმა ფორმამ გამაკვირვა. იბრამ ტრავმის გამო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო და მეგონა, რომ თავიდან გარკვეული პრობლემები ექნებოდა, თუმცა ზლატანი ჩვენს გაკვირვებას განაგრძობს, ის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად თამაშისთვის მზად არის.

„იქნება თუ არა ტონალი ძირითადში ? წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გამორიცხული არაფერია. სასტარტოში ისეთ ფეხბურთელებს გავიყვან ,რომლებიც იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში იქნებიან და არ არის გამორიცხული, რომ 4 ნახევარმცველით ვითამაშო.

„კრუნიჩი ჩემი კოზირია, რადგან მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და მისი მოედანზე ყოფნა თამაშის მსვლელობის დროს ტაქტიკის შეცვლის საშუალებას მაძლევს.

„იყიდის თუ არა გუნდის ხელმძღვანელობა მცველს ? მილანს შესანიშნავი სტაფი ჰყავს, რომლებიც შემადგენლობის გაძლიერებაზე მუხლჩაუხრელად შრომობენ და დარწმუნებული ვარ, თუ ამის საშუალება იქნება, ისინი გადამწყვეტ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამენ.

„დაცვაში გარკვეული პრობლემები მართლაც გვაქვს. ტრავმების გამო ჩვენ კონტი, რომანიოლი და მუსაკო ვერ დაგვეხმარებიან

„მუსაკო და რომანიოლი თავს შედარებით კარგად გრძნობენ, თუმცა აჩქარებულად მათ მოედანზე დაბრუნებას არ ვაპირებ.“


Leave a Reply

Your email address will not be published.