Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ იბრა ლაციოსთან ვერ დაგვეხმარება“

სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 22:45 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

„იმსახურებს თუ არა მილანი სეზონის ტოპ 4-ში დასრულებას ? დიახ, ამ 32-მა მატჩმა დაგვანახა, რომ ჩვენ სერია ა-ში ყველა გუნზე ძლიერი ვართ, ინტერის გარდა. ჩვენ ბოლო ტურებში გვაქვს იმის საშუალება, რომ სეზონის სტარტზე დასახული მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ აქ იმიტომ არ ვართ, რომ გაგვიმართლა, ჩვენ აქ დამსახურებულად ვართ.

„ჩვენ ხვალ პირდაპირ მეტოქეებს დავუპირისპირდებით, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია. ლაციო ჩვენს უკან არის, თუმცა ხვალინდელი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იბრა თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ის ხვალ თამაშს ვერ მოახერხებს. ხვალ არჩევანს ლეაოსა და მანჯუკიჩს შორის გავაკეთებ. მარიოს ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება და მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მეტოქის საჯარიმოში საჭირო დახმარება გაგვიწიოს.

„იქნება თუ არა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა წარუმატებლობა ? ჩვენ სეზონის ასეთ დასრულებას არც კი განვიხილავთ. ჩვენ სეზონის განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძლიერები ვართ, თუმცა ისიც ვიცით, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, იმედგაცრუებულები იქნებიან.

„ლაციო ძლიერი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მშვენივრად იასპარეზა, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ხვალ საჭირო შედეგი მივიღოთ.

„მე ვწვრთნი გუნდს, რომელშიც ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენ სასუოლოსთან მარცხზე სასაუბროდ ცოტა დრო დავხარჯეთ, რომ ლაციოსთან შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით.

„რამდენი ქულა გვჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ? ვფიქრობ, რომ 75 საკმარისი იქნება, მაგრამ ჩვენ სატურნირო ცხრილს არ ვუყურებთ და თითოეული მატჩის მოგებას ვცდილობთ.

„ტეო ? მან გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და არსებობს იმის შანსი, რომ ხვალ ითამაშოს. ამას დღეს გადავწყვეტთ.

„რომანიოლი ? ის თავს უკეთ გრძნობს და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ტომორის გუშინ გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ვნახოთ, შესაძლოა ის სასტარტოში ვიხილოთ.

„იბრას კონტრაქტი ? ზლატანმა გუნდის ხარისხი და მენტალური სიძლიერე გააუმჯობესა. მისი ქარიზმა ყველას ეხმარება და ჩვენ სტაბილურად მივიწევთ იმისკენ, რომ მილანისთვის საკადრის დონეს დავუბრუნდეთ.

„ჩვენ ამ რთული სეზონის მსვლელობისას არაერთი რთული ტესტი ჩავაბარეთ. დარჩენილ ტურებში მილანს არაერთი რთული თამაში ელოდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ.“