Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ იბრა ხვალ ვერ დაგვეხმარება, ლეაო გუნდს რომასთან დაუბრუნდება“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ემპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მედიაში მილანის შესახებ მე ძალიან ბევრ რამეს ვკითხულობ, ზოგი მათგანი მართალია, ზოგიც კი გადაჭარბებული კრიტიკა. ჩვენ ლივერპულისა და უდინეზეს წინააღმდეგ მართლაც ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ნაპოლისთან გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა და წაგება არ დაუმსახურებია.

„ემპოლი ? მათ იუვენტუსის დამარცხება მოახერხეს, რაც ყველაფერზე მეტყველებს. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ მოედანზე სწორი განწყობით გავალთ, სასურველი შედეგის მიღწევას მოვახერხებთ.

„მართალია ჩვენ ცუდი პერიოდი გვიდგას, მაგრამ ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მოედანზე უფრო ყურადღებით გავიდეთ და ჩვენი საბოლოო მიზნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგას. წლის პოზიტიურად დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ხვალ მილანი 3 ქულისთვის იბრძოლებს.

„აქვს თუ არა მილანს ენერგიასთან პრობლემა ? არა, ჩვენ ნაპოლისთან მატჩში ინიციატივა გვქონდა და ინტენსიობის მხრივ გუნდს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ჩვენ ამ შეხვედრაში ხარისხი დაგვაკლდა და მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

„ტეო ? ის ამ სეზონში უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია. მან დაცვაში თამაში ძალიან მოუმატა და რა თქმა უნდა, შეტევაში ისეთივე პროდუქტიულია, როგორც ყოველთვის. იმედი მაქვს, რომ ის ხვალინდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

„კესის გაუქმებული გოლი ? ვფიქრობ, რომ იმ მომენტში მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის თქმა, რომ წაქცეული ჟირუ მომენტზე რაიმე სახის გავლენას ახდენდა, უბრალოდ ლოგიკას არის მოკლებული.

„გაზრდილი ტრავმიანობა ? სამწუხაროდ ნოემბრის თვეში ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი კუნთის ტრავმა მიიღეს, რის გამოც ჩვენ დიდი პრობლემები შეგვექმნა, თუმცა იმედი მაქვს ახალი წლიდან სიტუაცია გაუმჯობესდება. ხვალ გამარჯვების შემთხვევაში გუნდი 42 ქულას მოაგროვებს, რაც ტრავმების და სხვა სირთულეების ფონზე ძალიან კარგი მაჩვენებელია.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? მე ძალიან ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც შეუძლია, რომ ზედიზედ 6, 7 და მეტი მატჩი მოიგოს, თუმცა ამისთვის ყველა ფეხბურთელის მწყობრში ყოფნა გვჭირდება.სატრანსფერო ფანჯარას რაც შეეხება, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამის საშალება იქნება, გუნდი შემადგენლობას აუცილებლად გააძლიერებს.

„ლეაო ? ხვალ ის ვერ დაგვეხმარება. რაფა რომასთან მატჩში დაგვიბრუნდება. ხვალ არ იქნება არც იბრა, რომელსაც მუხლის გადაღლილობა აქვს და დასვენება სჭირდება.

„რომანიოლი ? ის როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად ძლიერი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„ფლორენცი ? ის ძალიან გამოსადეგი ფეხბურთელია. ის ჭკვიანია და თავის ფიზიკას კარგად იყენებს.

„რამდენად გვიშლის ხელს ტრავმები ? სამწუხაროდ ხშირი ტრავმიანობა ასეთი დატვირთული კალენდრის ფონზე გარდაუვალია. მთავარი არის ის, რომ გუნდმა იდენტობა და ორგანიზებულობა არც ერთ შემთხვევაში არ დაკარგოს.“