Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ კესი გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება“

სტეფანო პიოლიმ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და ფრანკ კესის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწია, მაგრამ იმავეს თქმა ჩვენს ხვალინდელ მეტოქესაც შეუძლია, ამიტომ ორივე გუნდი მოედანზე თანაბარ პირობებში გავა და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი მატჩი ჩავატაროთ.

„ატალანტას ცუდი სტარტი ? ბერგამოელები ბოლო წლებში ყოველთვის ნელ სტარტს იღებენ, მაგრამ რამდენიმე ტურში ისინი ჩვეულ ინტენსიობას და ტემპს უბრუნდებიან. მე ინტერთან შეხვედრას ვუყურე და მათ შესანიშნავად ითამაშეს.

„მათ ყველა მხრივ ძლიერი გუნდი ჰყავთ როგორც ტაქტიკური, ასევე ფიზიკური და ტექნიკური მხრივ. მე ხვალ ძალიან რთულ მატჩს ველოდები.

„ჩვენ ატალანტასთან 5 – 0 მარცხის შემდეგ ახალი თავგადასავალი დავიწყეთ. ამ შეხვედრის შემდეგ მილანს იბრა, კიაერი და სალმაკერსი დაემატა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაგვაძლიერეს, მაგრამ ჯერ ჩვენი გზა ახლა იწყება.“

იბრა, რომელიც აქილევსის მყესის ტრავმის გამო ვერც ატალანტას წინააღმდეგ ითამაშებს, 3 ოქტომბერს 40 წლის ხდება.

„არ ვიცი, თუ რამდენი ხანი ითამაშებს იბრა კიდევ ფეხბურთს, მაგრამ მე კვლავ ვხედავ იმ ენთუზიაზმს და გამარჯვების სურვილს, რაც მას მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევდა.

„შესაძლოა ის 100 პროცენტით მზად აღარ არის, მაგრამ მისი ვნება ფეხბურთსადმი უბრალოდ წარმოუდგენელია. იმედია ის ფეხბურთს კიდევ დიდი ხანი ითამაშებს. სამწუხაროდ იბრა ხვალ ვერ დაგვეხმარება, მაგრამ სანაკრებო პაუზას ის კარგად გამოიყენებს, რის შემდეგაც ჩვენს დახმარებას შეძლებს.

„კესი ? მე მისი კონტრაქტის სიტუაციაზე არ ვღელავ. ფრანკი როგორც ვარჯიშებზე, ასევე მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. გასაკვირი არ არის, რომ ის ყოველთვის 100 პროცენტით მზად არ გახლავთ, მაგრამ ის უდიდესი პროფესიონალია.

„კონტრაქტზე მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ კიდევ არის და როგორც არ უნდა დასრულდეს ის, კესი ბოლო წამამდე გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯება.

„მესიასი ? მან ჩვენთან ერთად რამდენიმე სავარჯიშო სესია გამართა და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც აუცილებლად დაგვეხმარება.“