Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ კიაერი ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ სალერნიტანასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„კიაერის ტრავმა ? სიმონი უმაღლესი დონის ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ ის ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. მისი ქარიზმა და პერსონალურობა გუნდს დამატებით სტაბილურობას სძენს, თუმცა ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ძლიერი ადამიანია ის და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რთულ პერიოდს გაუმკლავება.

„დატვირთული კალენდარი ? ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვე ნასეთ ტემპში ცხოვრებას მივეჩვიეთ და ენერგიის აღდგენას, მეტოქეების შესწავლას და მატჩისთვის მომზადებას კარგად ვასწრებთ.

„ლეაო ? ის განვითარების სწორ გზაზე დგას. რაფას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ის უფრო გამბედავი უნდა გახდეს და მეტოქე გუნდის კარს მეტად შეუტიოს.

„პელეგრი სასტარტოში ? ის თავს კარგად გრძნობს ისევე, როგორც იბრა, ამიტომ ვნახოთ, ვინ იქნება სასტარტოში.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? თუ კიაერი თამაშს დიდი ხანი ვერ მოახერხებს, ჩვენ შესაძლოა ტრანსფერი დაგვჭირდეს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ სავალდებულო ტრანსფერის განხორციელება არ გვსურს, ჩვენი მიზანი შემადგენლობის გაუმჯობესებაა.

„ვფიქრობთ თუ არა უკვე ლივერპულთან მატჩზე ? არა, ჩვენი მეტოქე ხვალ არა ლივერპული, არამედ სალერნიტანაა. იუვენტუსმა სალერნიტანა გაჭირვებით დაამარცხა, ამიტომ წინ რთული შეხვედრა გველოდება და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო არ გვაქვს.

„როგორ დავახასიათებდი მილანს ? ფეხბურთში არიან გუნდები, რომლებსაც მოცდა უყვართ, ჩვენ კი პირიქით, აქტიურობა გვიყვარს და გვსიამოვნებს. ჩვენ ჩვენი თამაშის სტილით კმაყოფილები ვართ და მაღალ ტემპში თამაში სიამოვნებას გვგვრის.

„რისი ბრალია ტრავმების სიხშირე ? კალენდარის სხვანაირად ორგანიზება რთული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვთამაშობთ, რაც თავის მხრივ ფეხბურთელების ტრავმების ალბათობას გაცილებით ზრდის.

„კალულუ ? მისი განვითარება თვალში საცემია, ის მოედანე ყოველთვის თავდაჯერებულია, თუმცა ისიც იცის, რომ განვითარებისთვის ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს. მან დაცვაში პოზიციის უფრო კარგად შერჩევა უნდა ისწავლოს.

„ბოლო ინფორმაცია ტრავმირებულებთან დაკავშირებით ? ჩვენ ბენასერი დაგვიბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. კალაბრია, ჟირუ და რებიჩი უკეთესად არიან. კასტილეხო კი შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.“