Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ლეაოს მცირე დისკომფორტი ჰქონდა…“

სტეფანო პიოლიმ სალერნიტანას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და საჭირო ქულები მოვიპოვეთ. ფეხბურთში გარანტირებული არაფერია და თითოეული გამარჯვების მოსაპოვებლად შრომაა საჭირო. თამაშის მოკვლა უფრო ადრე შეგვეძლო, მაგრამ ამ გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ლეაო ? მას კუნთზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა. მარცხენა ფლანგზე ის შესანიშნავად თამაშობს და მცველებს რაფას შეჩერება უჭირთ.

„ლივერპულთან მატჩი ? პირველი შეხვედრის შემდეგ ჩვენ მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება. ლივერპული ჩვენზე ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ამის აღიარება უნდა შეგვეძლოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეების შესახებ კარგად ვიცით და გამარჯვებას აუცილებლად ვეცდებით.

„სერია ა ? სეზონის სტარტზე, მე უფრო მჭიდრო ცხრილს ველოდებოდი, თუმცა ამ მომენტისთვის ოთხეული სხვა გუნდებთან შედარებით მოშორებულია, მაგრამ ტრავმებმა და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა სიტუაცია ძალიან მალე შეცვალოს. ახლა საბოლოო შედეგებზე ფიქრის დრო არ არის, ახლა ჩვენი მიზანი სტაბილურობის დაბრუნება და განვითარებაზე მუშაობაა.

„დიასი ? ის უფრო ხარისხიანი უნდა იყოს, თავისი ვერტიკალური პასები განავითაროს და უფრო მეტი გოლი გაიტანოს, მაგრამ ბრაჰიმმა ეს იცის და ბევრს მუშაობს კიდეც.

„პელეგრი ? მან კარგად დაიწყო და მჯეროდა, რომ მას კარგი შეხვედრა ექნებოდა. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენად რთულია მისი დაზიანება.“