Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანი, გუნდი უდიდესი გულით“

პარმასთან ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულის შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი საღამო აქტივში ნამდვილად არ ჩაგვეწერება, რასაც გაბიას და ბენასერის ტრავმები უფრო ამძიმებს.

„თავიდანვე გვეტყობოდა, რომ თამაშს სწორი მონდომებით არ მივუდექით და ზედაპირულები ვიყავით. პარმამ კონტრ-შეტევებზე ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ კი ჩვენი შანსები გვქონდა და თამაშის შემოტრიალება უფრო ადრე შეგვეძლო, მაგრამ რაც მთავარია, გუნდმა ბრძოლის ჯინი და გული გამოავლინა.

„რა საკვირველია, ჩვენ გამარჯვება გვსურდა და ამის შანსიც საკმაოდ ბევრი იყო. პარმამ თავიანთი შანსები იდეალურად გამოიყენა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შანსები მათ ჩვენ შევუქმენით.

„მეორე ტაიმში ისეთი მწვავეები ვერ ვიყავით, მაგრამ ეს სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ.“

ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნა გუნდს ნელ-ნელა ეტყობა, მაგრამ ის ჯენოასთან მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

„მართალია, რომ რომ იბრას მახასითებლები გვაკლია, რადგან მასთან ერთად საჯარიმოში უფრო მეტი სივრცე იქმნება, მაგრამ ჩვენ მის არყოფნაში უფრო მოძრავი ფეხბურთელები გვყავს.“

დღეს კარგი შთაბეჭდილება არც მილანის დაცვამ დატოვა და სიმონ კიაერის არყოფნა გუნდს აშკარად ეტყობოდა.

„პარმა ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ შანსები ძალიან კარგად გამოიყენა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გოლებში ჩვენი ბრალიც საკმაოდ დიდია. პირველი გოლის დროს საჯარიმოში ჩვენი ფეხბურთელები მეტნი იყვნენ, მაგრამ სივრცეების შევსება ვერ მოახერხეს.

„მილანს ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა და გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა. საბოლოო ჯამში დღევანდელ მატჩში ქულების მხრივ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, თუმცა მენტალურად გავიზარდეთ და ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ.

„ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გუნდი ამ შედეგით კმაყოფილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი თავებისგან მეტს მოველით.“

მილანი სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება, თუმცა ინტერთან სხვაობა უკვე მხოლოდ 3 ქულაა. არის თუ არა მილანის მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ?

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვართ და იქ დაბრუნებას მართლაც ვგეგმავთ, თუმცა მილანი ამბიციური გუნდია და მზად არის, ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძოლოს.“

მოაწერდით თუ არა ხელს ახლავე, რომ გუნდი ოთხეულში შესულიყო ?

„ერთადერთი, რასაც ახლა ხელს მოვაწერდი, ახალი კონტრაქტია !“