Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ მილანმა ხასიათი გამოავლინა“

სტეფანო პიოლიმ ვერონასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2 – 2 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდით, რომ ევროპა ლიგაზე თამაშის შემდეგ ვერონასთან თამაში მარტივი არ იქნებოდა, რადგან ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ფეხბურთელებს ენერგიის აღდგენის საშუალება ფაქტობრივად არ აქვთ.

„ჩვენს მეტოქეს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა ჰქონდათ, ჩვენ კი ერთი სამწვრთნელო სესიის გამართვა მოვასწარით. ჩვენ გვსურს, რომ სერია ა-ში გასული სეზონის შედეგი გავაუმჯობესოთ, ევროპა ლიგაზე კი მაქსიმალურად შორს გავიდეთ, ამიტომ ასეთ ტემპში თამაშს უნდა მივეჩვიოთ.

„თამაშის შემდეგ ზლატანი იმედგაცრუებული იყო. მან მითხრა, რომ დღეს ჩვენ ამ თამაშის მოგება გვმართებდა. მას დასვენება სჭირდება, როგორც სხვა დანარჩენებს, თუმცა ჩვენ ევროპა ლიგაზე გასასვლელად ბევრი ვიბრძოლეთ და დაღლილობა თავის გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გახდეს.

„ჩვენ რომასთან და ვერონასთან ჩვენივე შეცდომების გამო 5 გოლი გავუშვით, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ყურადღებით ყოფნა გვმართებს. მეორეს მხრივ კი მილანმა კარის მიმართულებით 25-ჯერ დაარტყა, 10 რეალური მომენტი შექმნა, ამიტომ თამაშის ხარისხი საკმაოდ კარგი იყო და რომ არა მათი მეკარე, ჩვენ ამ თამაშს მოვიგებდით.

„ვერონა თავისი ინტენსიურობით და ფიზიკური მომზადებით ქებას იმსახურებს. ჩვენ ამ თამაშს წაგებული მატჩის შემდეგ ვხვდებოდით და ამ შეხვედრაშიც 2 გოლი გავუშვით, თუმცა გუნდმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა და თამაშის გადარჩენა მოახერხა.

„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ იტალიაში უამრავი ძლიერი გუნდია. იუვენტუსი, ინტერი, ნაპოლი, ლაციო, რომა და სასუოლოც კი მაღალი შედეგებისთვის იბრძვიან, ჩვენ კი ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ უწევს თამაში, თუმცა ჩვენ ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ. სანაკრებო პაუზა კარგ დროს დაემთხვა, ჩვენ ძალებს აღვიდგენთ და თამაშს იგივე შემართებით გავაგრძელებთ.“