Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანს გამოწვევები არ აშინებს“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ თავის ყოველდღიურ რუტინაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე Milanello-ზე ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მე იქ დილის 8 საათზე მივდივარ, სახლში კი 6 საათზე ვბრუნდები და შემდეგ ჩემს ცოლთან, მეგობრებთან ვატარებ დროს. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც გაუმართლა და ისეთი სამსახური აქვს, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.

„იბრა ? მასთან საერთი ენის გამონახვა ძალიან მარტივია. ორივე ჩვენგანი ძალიან პირდაპირი ადამიანები ვართ და რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ კიდეც. ორივეს მილანისთვის კარგი გვინდა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ კიდეც. ზლატანი ძალიან ჭკვიანი და ქარიზმატული ადამიანია, რომელმაც მილანისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და გუნდს გაზრდაში დაეხმარა.

„დღევანდელი შემადგენლობა ? დღევანდელი მილანი არის ყველაზე ძლიერი მათ შორის, რომელიც მე გამიწვრთნია და ეს ჩემს ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი. ბიჭები ახლა უფრო გაზრდილები არიან და თავიანთი შესაძლებლობების შესახებ უკეთ მოეხსენებათ. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ინდივიდუალურად ისინი უფრო ძლიერები გახდნენ.

„ფავორიტები სერია ა-ში ? იტალიაში უამრავი მაღალი დონის გუნდია. ინტერი, იუვე, რომა, ნაპოლი, ატალანტა, ლაციო და რა თქმა უნდა მილანი. ჩვენ თითოეულ მატჩში მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და საბოლოო შედეგს სეზონის ბოლოს ვიხილავთ.

„ჩემპიონთა ლიგა ? ლივერპულის წინააღმდეგ თამაში ენფილდზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სტადიონია, ნამდვილად ემოციური იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავებს უფლებას არ მივცემთ, რომ გარემომ იდენტობა და საკუთარი სტილი დაგვაკარგვინოს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის კარგი გამოწვევა იქნება. ჩვენ ამბიციური გუნდი გვყავს და ვიცით, რომ განვითარებისთვის რთული გამოწვევები აუცილებელია.“