Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ოთხეულში ვერშესვლა ცუდი იქნება, მაგრამ არა კატასტროფა“

სტეფანო პიოლიმ კალიარისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ახლა იმაზე ფიქრი, თუ რა შეგვეძლო ამ მატჩში უკეთ გაგვეკეთებინა, არ შეიძლება, ახლა ჩვენ მომდევნო შეხვედრაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. დღეს ჩვენი საუკეთესო საღამო არ იყო, გუნდს ის ხარისხი და მონდომება არ ეტყობოდა, რომელიც იუვენტუსთან მატჩში გვქონდა, თუმცა სწორედ ტურინში დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

„რა დაგვაკლდა დღეს ? ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ მატჩში გამარჯვება და ამის გამო უფრო დაძაბულები ვიყავით, ბურთს საჭირო სისწრაფით ვერ ვამოძრავებდით და მომენტების შექმნა გვიჭირდა.

„ატალანტასთან მატჩი ? ჩემი მილანში ყოფნის პერიოდში ატალანტა არის ერთადერთი მაღალი დონის გუნდი, რომლის დამარცხებაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ წინ ურთულესი თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში რწმენას არ ვკარგავთ.

„ცვლილებები ? მე ბენასერი შევცვალე იმიტომ, რომ ნახევარდაცვაში უფრო ფიზიკურები და დინამიურები ვყოფილიყავით. მანჯუკიჩს რაც შეეხება, მას კვლავ პრობლემები აქვს და დღეს მისი განაცხადში შეყვანა ბოლო წუთს გადავწყვიტეთ, ამიტომ ის სათამაშოდ მზად არ იყო.

„გვაკლია თუ არა იბრას შემცვლელი ? ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზლატანი გუნდისთვის, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ მასზე დამოკიდებულები ვართ. იბრას სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში ბევრი მატჩი გაუცდა, თუმცა ჩვენ გამოსავლის პოვნას და გამარჯვებას ვახერხებდით. მის შემცვლელად ჩვენ მანჯუკიჩი დავიმატეთ, მაგრამ ტრავმებმა მას შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცა.

„დღეს მილანს ქულები იბრას არყოფნის გამო არ დაუკარგავს, დღესე გუნდმა დაძაბულობას და ზეწოლას ვერ გაუძლო, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„რა შეიცვლება, თუ სეზონს ოთხეულში ვერ დავასრულებთ ? ეს ძალიან იმედის გამაცრუებელი ფაქტი იქნება, მაგრამ არა კატასტროფა. ამ სეზონში ჩვენ მილანს ძლიერი ფუნდამენტი ჩავუყარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ნათელი მომავალი ელოდება.“