Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ საშინაო არენაზე გამარჯვების სურვილი გვაქვს“

ხვალ მილანი სან სიროზე ჯენოას მიიღებს და მატჩი 14:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის წინ პრეს-კონფერენცია სტეფანო პიოლიმ გამართა.

„ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ სან სიროზე გრძელვადიანი პაუზის შემდეგ 3 ქულა მოვიპოვოთ და ამისთვის მაქსიმალური კონცენტრაცია და ბოლომდე ბრძოლა იქნება საჭირო.“

იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციის ფონზე, ვინ იქნება მისი შემცვლელი ?

„ჩვენ მანჯუკიჩი დაგვიბრუნდა, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მას ჯერჯერობით 90 წუთი თამაში არ შეუძლია. მარიომ იცის, თუ როგორ იმოძრაოს, შეცდომებს ძალიან იშვიათად უშვებს და მისი დაბრუნება სეზონის გადამწყვეტ ფაზაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მარიო მილანში ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოვიდა და მე მის მორალურ და ტექნიკურ მახასიათებლებზე ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმებმა მარიოს ხელი შეუშალეს და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ის თავისი შესაძლებლობების გამოვლენას მოახერხებს.

„იქნება თუ არა ეს ლეაოსთვის გამოცდა ? ლეაომ ძალიან მოუმატა, რისი დანახვაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით და რაფამ იცის, რომ მისი კარგი თამაში მილანისთვის მნიშვნელოვანია.

„ვესაუბრე თუ არა დონარუმას ? მე ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვესაუბრები, ჩვენი მომავალი ახლა არის და ჯიჯომ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეხვედრა, მოედნის გარეთ სიტუაციას კი გუნდის დირექტორები მიხედავენ, რომლებიც საბედნიეროდ თავისი საქმის პროფესიონალები არიან.

„დარჩება თუ არა მანჯუკიჩი მომდევნო სეზონში ? ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც კარგი მახასიათებლები აქვს. სეზონის ბოლო ტურები თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კესი ? ის სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა. მან იცის, თუ როგორ იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში. მან იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს ბურთი, როგორ დაეხმაროს გუნდს შეტევაში და როგორ დაიბრუნოს დაკარგული პოზიცია, მაგრამ ფრანკს განვითარება ჯერ კიდევ შეუძლია, განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღების დროს.

„ტომორის მომავალი ? მე თქვენ და თქვენს კითხვებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრ კითხვას მომავალზე მისვამთ, ჩვენ კი მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე ვარტ კონცენტრირებული და ახლა იმაზე, თუ ვინ დარჩება და ვინ წავა გუნდიდან, საერთოდ არ ვფიქრობთ.

„ჯენოა სრულყოფილი გუნდია, რომელსაც ზონების შევსება შესანიშნავად შეუძლი. მათ ბევრი ბურთის ფლობა არ აქვთ, მაგრამ ძალიან ფიზიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ და ჩვენ წინ რთული შეხვედრა გველოდება.

„სკამაკა ? ის ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი მახასიათებლები აქვს და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი ექნება.“

რას ნიშნავს სტადიონებზე მაყურებლების დაბრუნება ?

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ გულშემატკივრები ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, სწორედ ისინი სძენენ ფეხბურთს იმ ხიბლს, ის გამოც ფეხბურთი მსოფლიოს საუკეთესო სპორტია და 1,000 მაყურებელიც კი ძალიან დიდ ძალას და ემოციებს მოგვცემს.“