Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ტრავმებმა ჩვენს თამაშს დაღი დაასვა“

ნაპოლისთან მარცხის შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„გუნდი ბრძოლისუნარიანი იყო, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ სუსტი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან ბევრ არაზუსტ პასს ვაკეთებდით, შემდეგ კი დაკარგული ბურთის სწრაფად დაბრუნებას ვეღარ ვახერხებდით. გოლი ისეთ მომენტში გავუშვით, როდესაც მილანი მეტოქეზე უკეთესი იყო, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ჩვენ შეგვეძლო, რომ ეს პოზიტიური კვირა კარგად დაგვესრულებინა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ახლა დროა, რომ ეს მარცხი წარსულს ჩავაბაროთ და მანჩესტერთან და ფიორენტინასტან მატჩებზე ვიფიქროთ.

„ინტერი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ შესანიშნავად თამაშობს, თუმცა მილანი ბოლომდე იბრძოლებს და თითოეული ქულის მოსაპოვებლად 100 პროცენტით დაიხარჯება.

„დღეს ჩვენ ტექნიკურ ასპექტებთან ერთად მოედანზე მოძრაობა გვაკლდა. გაშვებული გოლის დროს ბურთი უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ, თუმცა გუნდი არ გატყდა და საკმაოდ კარგი რეაგირება გვქონდა. ლეაოს კარგი შანსი შეექმნა, ტეოს ეპიზოდი კი ჩემი აზრით პენალტი იყო.

„სამწუხაროდ ჩვენ თითქმის მთელი სეზონი ცენტრალური ფორვარდის გარეშე გვიწევს თამაში, რაც გუნდის თამაშს აშკარად ეტყობა. ბიჭებმა დღეს ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა იბრას და მანჯუკიჩის მახასიათებლების მოთამაშე ძალიან გვაკლდა. წარმოიდგინეთ ინტერი ლუკაკუს, ლაუტაროს და სანჩესის გარეშე, ან იუვე კიეზას და რონალდუს გარეშე. ჩვენ დიდი ხანი რებიჩის და იბრას გარეშე მოგვიწია თამაში, მაგრამ კვლავ მოწინავე პოზიციებზე ვართ.

„ევროპა ლიგა ? ის უფრო მეტად დამღლელია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ იტალიაში პარასკევს ღამის 3 საათზე დავბრუნდით. ჩვენ ეს გზა გვინდოდა და თავს არ ვიმართლებ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის.

„ეს მარცხი ჩვენ ძალიან გვწყენს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გუნდმა ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ენერგია დავიბრუნოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მანჩესტერთან მატჩამდე ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, რადგან წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება.“

გათიშვა