Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ფეხბურთელები შედეგით უკმაყოფილოები არიან“

სტეფანო პიოლიმ რომასთან ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირადად მე სახლში კმაყოფილი წავალ, რადგან გუნდის საერთო თამაში მომეწონა. ახლა ცხრილის ყურების დრო არ არის, ჩემპიონატი სულ ახლახანს დაიწყო და ყველაფერი შესაძლოა ძალიან მალე შეიცვალოს. სიმართლე რომ გითხრათ, ფეხბურთელები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან მათ 3 ქულის მოპოვება სურდათ და ამის შანსი იყო კიდეც.

„როგორც უკვე გითხარით, საერთო სურათით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და მათ წინააღმდეგ კარგი ასპარეზობა თავდაჯერებულობას გვმატებს.

„ტატარუსანუ ? შეცდომები ფეხბურთის ნაწილია. მან დრო კარგად ვერ გათვალა, თუმცა ის უმაღლესი დონის კიპერია. ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო და გასაკვირი არ არის, რომ ნერვიულობდა.

„მსაჯი ? ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

„ლეაო ? მთელი კვირის განმავლობაში მე რაფას ბევრჯერ ვესაუბრე და ავუხსენი, თუ რა მსურდა მისგან და საბედნიეროდ, ლეაომ იმედები არ გამიცრუა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.

„მან ასე უნდა გააგრძელოს, ის ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. საელემაეკერსი თვალსა და ხელს შუა იზრდება, ასევე ძალიან კარგი იყო კასტილეხოც. ჩვენ რებიჩი უკვე თვეზე მეტია გვაკლია, დღეს ჰაუგეც გამოგვაკლდა, თუმცა გუნდში არის იმის რესურსი, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები ჩავანაცვლოთ.

„გუნდს კარგი მომენტი აქვს, ჩვენ ერთად, სრულ ჰარმონიაში ვმუშაობთ და ყოველდღე ვარჯიშზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯებით. გუნდური შემართება ძალიან მომწონს და ვალდებულები ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ.

„ვირუსის სიტუაცია ? ჩვენ თითქმის ყოველდღე გვამოწმებენ, თუმცა სამწუხაროდ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. ჩვენ წესებს ზედმიწევნით ვიცავთ და ასეთი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, აუცილებელია, რომ სეზონი გაგრძელდეს. 1,000 გულშემატკივარი ძალიან ცოტაა, თუმცა დღეს სხვაობა მაინც იგრძნობოდა.“