Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ“

მილანმა დრამატულ, უხვგოლიან მატჩში ლაციოს დამარცხება მოახერხა, 2020 წელი წაუგებლად დაასრულა და სერია ა-ს ზამთრის ჩემპიონი გახდა.

ატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

მატჩის შემდეგ კომენტარი სტეფანო პიოლიმ გააკეთა.

საფინალო ჩახუტება…

„დღეს ჩვენ ძალიან დაძაბული, რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და მსურდა, რომ თითოეულ მათგანს ჩავხუტებოდი და შობა მიმელოცა. ეს წლის ბოლო მატჩი იყო და ჩვენ 3 ქულის მოსაპოვებლად 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწია. მე ჩემი ბიჭებით ვამაყობ, ისინი თითქმის წარმოუდგენელ შედეგს დებენ.“

აკლდა თუ არა გუნდს ფიზიკურად იბრაჰიმოვიჩი ?

„ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა ძალას წარმოადგენს იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ მისი არყოფნის კომპენსირებას გუნდის სხვა მახასიათებლებით ვცდილობთ. დღეს ალექსისი ძალიან ჩავწიე, ჩვენ უფრო მეტად აგრესიული თამაში გვმართებდა. სირთულეების მიუხედავად, თამაშის დასრულების ბევრი მომენტი გვქონდა და სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწიეთ, არ გავჩედით.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას. მათ საშუალება მოგვცეს, რომ თავი უსაფრთხოდ გვეგრძნო და მშვიდად გვემუშავა. მათ შემადგენლობას ძლიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელები შეძინეს, რომლებიც თამაშიდან თამაშამდე ძალიან დიდი ნაბიჯებით ვითარდებიან.

„რა თქმა უნდა, ჯერ სრულყოფილებისგან ძალიან შორს ვართ და ეს დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ტრავმირებული მოთამაშეებიც დაგვიბრუნდებიან, რადგან როტაცია ძალიან გვიჭირს. ბიჭები მოედანზე თავიანთ გულს და სულს დებენ და მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები მოედანზე არ არიან, ჩვენ მათ მხარდაჭერას უწყვეტად ვგრძნობთ.“

სატრანსფერო ფანჯარა…

„ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. თუ გუნდის გაძლიერების საშუალება იქნება, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ვნებას შევინარჩუნებთ და ამ ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად განვითარებას გავაგრძელებთ. სწორედ ეს ვნება და გამარჯვების დაუოკებელი სურვილია ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს.

„კარგი შედეგების მიუხედავად, ჯერჯერობით ჩვენ არაფერი მოგვიგია, მაგრამ ჯერჯერობით ყველა მიზანი, რაც სეზონის სტარტზე დავისახეთ, მიღწეულია და სერია ა-ში პირველ ადგილზე ვართ. ის ცეცხლი, რაც ჩვენს შიგნით არის მოედანზე სხვაობის შექმნაში გვეხმარება.“

ჩალჰანოღლუ…

„მე მჯერა, რომ ჩვენ თამაშებს ჩვენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელების წყალობით ვიგებთ და მე არც ერთ მათგანს არავისში არ გავცვლიდი, ჩალჰანოღლუ სწორედ ერთ-ერთ მათგანია. მხოლოდ მონდომება საკმარისი არ არის, გუნდს ხარისხიც სჭირდება.

„ჩალჰა ფანტასტიკურია, ის ძალიან ინტელიგენტი მოთამაშეა, რომელმაც ზედმიწევნით იცის, თუ როგორ უნდა იმოძრაოს მოედანზე, როგორ შეუტიოს და დააკავშიროს გუნდის პოზიციები. მე მინდა, რომ მან ამ დონეზე თამაში გააგრძელოს, ის ახლა მწვერვალზე იმყოფება. ჩვენ ბევრ პოზიციაზე უმაღლეს დონეზე ვართ და ვიცი, რომ ასე გაგრძელება შეგვიძლია.

„მისი კონტრაქტი ? არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემა იქნება. ჩალჰა აქ ყოფნით ბედნიერია და დარწმუნებული ვარ, რომ მას მილანში დარჩენა სურს. როდესაც გუნდს და ფეხბურთელს ერთი და იგივე რამ სურთ, შეთანხმების მიღწევა მარტივდება.“