Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ ნაჩქარები ტრანსფერები არ გვჭირდება“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ლეჩესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება როგორც მენტალური, ასევე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. ზედიზედ 2 ნეგატიური შედეგის შემდეგ, მე ჩემი ბიჭების თვალებში დიდი მოტივაცია და გამარჯვების, ასევე შეცდომებზე სწავლის სურვილი დავინახე.

„ტრავმირებულები ? ორიგი და კიაერი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან, რებიჩი სუპერ თასისთვის დაგვიბრუნდება, დანარჩენები კი მუშაობას აგრძელებენ და იმედი მაქვს, რომ ისინი მოკლე დროში შემოგვიერთდებიან, რადგან ჩვენ თითოეული მათგანი გვჭირდება.

„რატომ დავრჩით მილანელოზე ტორინოსთან მარცხის შემდეგ ? როდესაც გუნდში გარკვეული პრობლემაა, მე მოცდა არ მიყვარს და მსურს, რომ ამ თემაზე მაშინვე ვისაუბროთ. ჩვენ ტორინოსთან შეხვედრა გავაანალიზეთ, შეცდომები შევისწავლეთ და ვეცდებით, ისინი მომავალში აღარ გავიმეოროთ>

„რატომ არ ეძლევა ადლის სათამაშო დრო ? იასინი ძალიან კარგად ვარჯიშობს და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ის მუშაობას და ადაპტაციას აგრძელებს და დროს აუცილებლად მიიღებს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ერთი ტრავმირებული გვყავს. ვფიქრობ, რომ ნაჩქარები გადაწყვეტილებების მიღება სატრანსფერო ფანჯარაზე კარგს არაფერს მოგვიტანს.

„კრიტიკა ? ვფიქრობ, რომ ეს სავსებით ნორმალურია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ, ამიტომ ყველა უფრო მეტს ელოდება. ჩვენ ბოლო 2 მატჩში ვერ გავიმარჯვეთ და კრიტიკაც დავიმსახურეთ.

„წინ კიდევ გრძელი სეზონი გველოდება, ამიტომ არც ნაპოლი-იუვენტუსი და არც ჩვენი მომდევნო მატჩი არაფერს არ წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანია რითმი დავიბრუნოთ და ლიდერებთან სხვაობის შემცირება ვცადოთ.

„ბენასერის ახალი კონტრაქტი ? მან ეს დაიმსახურა. ისმაელი ძალიან ამბიციურია და იცის, რომ განვითარება კიდევ შეუძლია, ამისთვის კი მეტი მუშაობა მოუწევს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ პოზიტიურ ამბავს გავიგებთ.

„ფავორიტი ალეგრისა და სპალეტის შორის ? ორივე მათგანი ტოსკანელია და მათი სიტყვები, რომ ფავორიტებად მეტოქე გუნდს მიიჩნევენ, არ გამკვირვებია. ახლა ნაპოლი ფავორიტია, რადგან 7 ქულით წინ არის, მაგრამ ეს ლიდერობა გადამწყვეტი არ გახლავთ. მე დღევანდელი მატჩისგან დიდ სიამოვნებას მივიღებ.“