Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ“

სტეფანო პიოლიმ პარმასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„პარმა ძალიან კარგი გუნდია, მათ ხასიათი აქვთ და ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ჩვენ ფრთხილად ყოფნა მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.“

არის თუ არა 2020 წლის წაუგებლად დასრულება მიზანი ?

„წინ დატვირთული ორი კვირა გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის მომდევნო მატჩზე კონცენტრაცია და მისი მოგებაა, დანარჩენზე კი მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ. წინ გრძელი და დამღლელი სეზონი გველის და ყურადღების გაფანტვა სხვა თემებზე ფიქრით არ შეიძლება.

„იბრა და კიაერი ? ისინი თავს უფრო და უფრო კარგად გრძნობენ და სურთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნდნენ, რისი იმედიც ჩვენც გვაქვს, მაგრამ შეცდომის დაშვებას არ ვაპირებთ და მხოლოდ მას შემდეგ მივცემთ მათ თამაშის უფლებას, როდესაც ამას ექიმები იტყვიან.“

როგორ შეიცვალა გუნდიდს თამაშის სტილი იბრას გარეშე ?

„ჩვენი თამაშის სტილი ბევრად განსხვავებული არ არის. რა თქმა უნდა, ზლატანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული არ არის და მილანი იმარჯვებს, როგორც გუნდი.

„სკუდეტო ? ჩვენ ძლიერები ვართ და ეს უკვე ყველას დავანახეთ, მაგრამ მილანს არ აქვს უფლება, რომ ყურადღება მოადუნოს და თამაშებისადმი მიდგომა შეცვალოს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ მომდევნო მატჩია და იმედი გვაქვს, რომ საშობაოდ ჩვენი გულშემატკივრები კარგი განწყობით იქნებიან.“

გახდა თუ არა ინტერი ყველაზე საშიში მეტოქე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ?

„არ ვიცი. ევროპული ფეხბურთის გარეშე ყოფნა ერთი თამაშისთვის მოსამზადებლად უფრო მეტ დროს გაძლევს, თუმცა ამავდროულად მწვრთნელს ფეხბურთელებისთვის დროის გადანაწილება უფრო უჭირს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს გასავლელ გზაზე ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ ფორმას ახალი წლის შემდეგაც შევინარჩუნებთ.

„ტონალი ? მას რთული ზაფხული ჰქონდა, მაგრამ მე ვხედავ, თუ როგორ უმატებს ის თამაშიდან თამაშამდე. მას უდიდესი სურვილი აქვს, რომ განვითარდეს და მისი მიდგომით კმაყოფილი ვარ.

„ბენასერი ? ისმა კარგად არის, მან ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

„კალულუ ცენტრალური მცველის როლში ? ვარჯიშების დროს, ტრავმებიდან გამომდინდარე მე ის ცენტრალურ ზონაში გამოვცადე და მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან მითხრა, რომ ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად გრძნობდა, მატჩში კი ყველამ ერთად დავნიახეთ, რომ მას ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.“

ევროპულ ჩემპიონატებში 6-მა იტალიურმა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.

„იტალიური ფეხბურთი და გუნდები ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდნენ და გაგვიჩნდა შანსი, რომ ევროპაში წარმატებებს კვლავ მივაღწიოთ. იმედი მაქვს, რომ რომელიმე ჩვენგანი წარმატებას მიაღწევს, რადგან ეს მთელი სერია ა-სთვის კარგი იქნება.

„რა არის მილანის ძალა ? ჩვენი ძალა არის ის, რომ გამარჯვებებსაც კი ისე ვააანალიზებთ, როგორც მარცხს, რადგან სრულყოფილი თამაში არ არსებობს და შეცდომებს ყველა მატჩში ვუშვებთ. ბიჭებს განვითარების უდიდესი სურვილი აქვთ, რაც ისეთი ახალგაზრდული გუნდისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„გაბია ? ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც განვითარება სჭირდება, მაგრამ მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. მან უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მილანის ძირითადი შემადგენლობის წევრობისთვის ბრძოლა შეუძლია.“