Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია“

სტეფანო პიოლიმ სპეციასთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ხვალ თამაში გვიწევს გუნდთან, რომელმაც პირველ წრეში პრობლემები შეგვიქმნა და რომელმაც ნაპოლის და რომას დამარცხება მოახერხა.“

რამდენიმე დღის წინ ივან გაზიდისმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, (სრული ინტერვიუს სანახავად დააკლიკეთ აქ) რომ ის სტეფანო პიოლიზე ‘შეყვარებულია’ და მისმა დიდებულმა საქმიანობამ გუნდს რანგნიკის მიყვანაზე უარი ათქმევინა.

რას ფიქრობთ გაზიდისის სიტყვებზე ?

„მისმა სიტყვებმა ძალიან გამახარა. გუნდში ძალიან დიდი ჰარმონია სუფევს, ჩვენი ურთიერთობა დროთა განმავლობაში უფრო უმჯობესდება, თითოეული ჩვენგანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით და გვსურს, რომ მილანი მწვერვალზე დავაბრუნოთ.“

შეუძლია თუ არა კონტრაქტებთან არსებულ პრობლემებს გუნდურობის დარღვევა ?

„გუნდმა ამ თემაზე უკვე არაერთხელ ისაუბრა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდის ლიდერები ჩვენთან დარჩებიან. ბიჭები მხოლოდ მომდევნო თამაშზე არიან კონცენტრირებულები და სხვა თემებზე არ ფიქრობენ. ჩვენ ძალიან დიდი პროექტის მონაწილეები ვართ და ვიცით, რომ ძალიან დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“

როგორ არის გუნდი ?

„საბედნიეროდ, დიასის, მალდინის და კალაბრიას გარდა, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მზად არის, რომ გუნდს დაეხმაროს.“

ლეაოს პოზიცია ?

„ყველა პოზიციაზე, რომელზეც მან ითამაშა, ლეაომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან ძალიან მოუმატა და ჯერ თავისი მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია, ამიტომ ასე უნდა გააგრძელოს. ჩემი აზრით, ის მარცხენა გარემარბი უფროა, თუმცა რაფას შეტევის სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში.“

არის თუ არა უპირატესობა, რომ კოპა იტალიას გამოეთიშეთ ?

„ჩვენ ამის გამო ძალიან ვწუხვართ, თუმცა ისიც მართალია, რომ ამ ფაქტს გარკვეული დადებითი ფაქტორიც აქვს. ჩვენ ეს 2 კვირა ძალიან პროდუქტიულად გავატარეთ და ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა მოახერხეს.“

რას ფიქრობთ ბოლოდროინდელ დაპირისპირებებზე, როგორიც იბრა-ლუკაკუს ან კონტე-ანიელის შორის მოხდა ?

„უმჯობესი იქნებოდა, რომ ასეთი რაღაცეები არ დებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ხდება და ყოველთვის მოხდება.“

როგორ გრძნობს თავს გუნდი ფიზიკურ ასპექტში ?

„ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ენერგიას ძალიან მალე იბრუნებენ, თუმცა ამის მიუხედავად ეს მაინც განსაკუთრებული სეზონია, რომელშიც მატჩებისთვის მოსამზადებელი დრო ფაქტობრივად არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი პროფესიონალიზმით ამ დატვირთულ გრაფიკს ბოლომდე უნდა გავუძლოთ, ეს ფუნდამენტალური იქნება.“

ვინ ითამაშებს პლეიმეიკერის პოზიციაზე ხვალ ?

„ჩალჰანოღლუ, ის სასტარტოში იქნება. რებიჩი და ლეაო მარცხენა მარცხენა ფლანგისთვის იბრძოლებენ.“

რა არის თქვენი მიზანი მიმდინარე სეზონში ?

„მე ჩემს ფეხბურთელებს ყოველდღე ვუმეორებ: რასაც აქამდე მივაღწიეთ, ყველაფერი უმნიშვნელოა. ჩვენ ასეთი შემართებით თამაში უნდა გავაგრძელოთ და სეზონის ბოლოს მაქსიმალურად კარგი შედეგი მივიღოთ. ჯერჯერობით რაც გავაკეთეთ საკმარისი არ არის, რადგან სეზონი ხვალ არ მთავრდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სეზონის ბოლოს არანაირი სინანული არ გვქონდეს.“