Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ცენტრალური მცველი გვჭირდება“

სპეციას დამარცხების შემდეგ, სტეფანო პიოლიმ გუნდის თამაში შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანი გუნდია, ჩვენ უნიკალური თამაშის სტილი გვაქვს, რაც ყველა გრანდს უნდა ახასიათებდეს. ვიცით, რომ გულშემატკივარი ჩვენგან ბევრს მოითხოვს და ამისთვის მზად ვართ.

„ჩვენ წინ ძალიან რთული და დამღლელი თამაშები გველოდება, თუმცა თითოეულ მათგანს გუნდი ენთუზიაზმით და მაქსიმალური კონცენტრაციით შეხვდება. ტრავმების გამო, ბოლო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია და იმედი მაქვს, რომ ისინი მალე დაგვიბრუნდებიან.

„გუნდის თამაში მომწონს. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ჯერჯერობით იდეალური თამაშისგან შორს ვართ, თუმცა განვითარების და გამარჯვების სურვილი თითოეულ ფეხბურთელში იგრძნობა. იტალიაში 7 ძალიან ძლიერი გუნდია და სეზონის ბოლოს კმაყოფილი მხოლოდ 4 მათგანი დარჩება. ჩვენ კი ბოლომდე უნდა ვეცადოთ, რომ ერთ-ერთი მათგანი მილანი იყოს.

„ტრავმირებული ფეხბურთელები ? რებიჩისთვის მომავალი კვირა მნიშვნელოვანი იქნება. მას ხელი ჯერ კიდევ სტკივა. რომანიოლი შესაძლოა დერბისთვის დაგვიბრუნდეს, მუსაკოს კი უფრო დიდი დრო დასჭირდება. იბრას და დუარტეს მდგომარეობა კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ცენტრალური მცველის დამატება მართლაც გვჭირდება,  რადგან წინ დატვირთული სეზონი გველის და ამ პოზიციაზე ბევრი ტრავმირებული გვყავს. კარგი სტარტი ავიღეთ, თუმცა ძლიერი სკამი უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

„კესი ? ის ძალიან მგრძნობიარე პიროვნებაა და თავიდან ჩვენს შორის ყველაფერი კარგად ვერ აეწყო, თუმცა შემდეგ ვისაუბრეთ და ერთმანეთს კარგად გავუგეთ.

„იუვე – ნაპოლი ? სიტუაცია ძალიან მაშინებს, თუმცა არსებობენ პროფესიონალები, რომელთა დახმარებით ფეხბურთის თამაშის საშუალება გვაქვს. არის წესები, რომელსაც ყველა გუნდი უნდა დაემორჩილოს. ჩვენ ყოველ 2-3 დღეში ერთხელ გვამოწმებენ, ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი სიტუაცია კიდევ განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები სტადიონზე მალე დაბრუნდებიან.“