Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ წელი მაქსიმალურად კარგ განწყობაზე უნდა დავასრულოთ“

სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა ?

„სამწუხაროდ, გულშემატკივრები სტადიონზე ყოფნას ვერ ახერხებენ, თუმცა ჩვენ მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ჩვენ მილანში ვცხოვრობთ და მათი განწყობის ნახვა ყოველდღიურად შეგვიძლია.

„პრობლემები დაცვაში ? ჩვენი დაცვა სეზონის სტარტზე შესანიშნავად მოქმედებდა, თუმცა შემდეგ ხშირმა ტრავმიანობამ სტაბილურობა დაგვაკარგვინა და ზედიზედ ორი ფრე ამის დასტური იყო. სასუოლოს წინააღმდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ და იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთებას ლაციოსთანაც მოვახერხებთ, რადგან მათ შესანიშნავი შეტევა ჰყავთ.“

რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ?

„თითოეული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხვალ წლის ბოლო მატჩია, რომლის მოგების შემთხვევაშიც წელს პირველ ადგილზე დავასრულებთ. სამწუხაროდ ტრავმების გამო ხვალინდელ დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვხვდებით, თუმცა საბრძოლველად მზად ვართ.“

ხართ თუ არა ამაყი თქვენი მილანით ?

„გუნდის თითოეული წევრი ამაყობს იმ შედეგით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ჩვენს უკან არის უამრავი ადამიანი, რომელიც მილანის წარმატებისთვის დაუღალავად შრომობს. ამაყი ვარ, რომ ამ უდიდესი გუნდის ნაწილი ვარ და მაქვს შესაძლებლობა, შესანიშნავი ფეხბურთელები გავწვრთნა. ახლა კი ჩვენი მთელი კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზე უნდა გადავიტანოთ.“

რამდენად მნიშვნელოვანი იყო გასულ სეზონში ლაციოს დამარცხება ?

„სატურნირო ცხრილში ჩვენს წინ მყოფი გუნდის დამარცხება როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ლაციო სკუდეტოსთვის იბრძოდა და ასეთი გუნდის გასვლაზე დამარცხება მართლაც დიდი ბიძგი იყო.“

რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის პირველ ადგილზე დასრულება ?

„ჩვენ ყოველთვის, თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ იმის მიუხედავად, თუ რომელ ადგილზე ვართ სატურნირო ცხრილში, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, თუ რა შედეგს მივიღებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ განვითარება არ შევაჩეროთ. იუვენტუსს და ინტერს თავიანთი ძლიერი მხარეები აქვთ, ჩვენ ჩვენი.  მილანს განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს, თუმცა ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს.“

შეძლებენ თუ არა ხვალ რებიჩი და ტონალი თამაშს ?

„სასტარტო შემადგენლობას ხვალ გაგაცნობთ. დღეს შედარებით მსუბუქად ვივარჯიშეთ და ორივე მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.“

არის თუ არა შემადგენლობა მცირე ?

„ასე არ ვფიქრობ. გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე მაქსიმალურად კარგი შემადგენლობა მყოლოდა. 5-6 ფეხბურთელის არყოლა ნებისმიერ გუნდს დაეტყობოდა და იმედი მაქვს, რომ შესვენების შემდეგ უმეტესი მათგანი დაგვიბრუნდება.“

რა ასპექტში სჭირდება ლეაოს განვითარება ?

„არავის, 21 წლის ასაკში არ შეუძლია იფიქროს, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია. ლეაომ გოლებზე მეტი უნდა იფიქროს და ფორვარდის პოზიციაზე უკეთ უნდა ითამაშოს. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუძლია და ვალდებულია, რომ განვითარდეს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული გუნდი, რომელშიც ბევრი ტალანტია და მათ წინ ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ იმისთვის, რომ თავისი პოტენციალი გამოავლინონ.“

2020 წლის საუკეთესო მომენტი ?

„ჩვენ წელს ბევრ კარგ შედეგს მივაღწიეთ და ერთი რომელიმე მომენტის გამორჩევა რთულია. ჩემთვის ყველაზე კარგი სანახავი არის ის, რომ გუნდი ყოველდღე ერთად მუშაობს, თუმცა ერთ მომენტს მაინც გამოვარჩევდი, როდესაც გაზიდისმა მითხრა, რომ მილანს ჩემი შენარჩუნება სურს…“

შეუძლია თუ არა მილანს სკუდეტოს მოგება ?

„ჩვენ ამბიციურები ვართ და ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ. თქვენ მომავალზე საუბარი ძალიან გიყვართ, თუმცა მომავალი ასე არ შენდება. ჩვენ ვალინდელ მატჩზე და პროგრესზე ვფიქრობთ, თუ ეს პროგრესი სეზონის ბოლოს ტიტულს მოგვიტანს, შესანიშნავი იქნება.“

რა გჭირდებათ სატრანსფერო ფანჯარაზე ?

„ჩემსა და გუნდს შორის სატრანსფერო გეგმების შესახებ აბსოლუტური თანამშრომლობაა. ვიცი, რომ თუ ამის საშუალება იქნება, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება.“

რას იტყვით საელემაეკერსის პროგრესზე ?

„ის ძალიან განვითარდა. ის გუნდში ძალიან დიდი მონდომებით მოვიდა, მე მას საერთოდ არ ვიცნობდი, მის შესახებ სკაუტებმა მითხრეს და აშკარა იყო, რომ მას მომატების საშუალება ჰქონდა, დანარჩენი კი ჩვენი გასაკეთებელი იყო.“

ერთი წლის წინ ატალანტამ მილანი 5 – 0 გაანადგურა.

„ეს ყველასთვის სამარცხვინო მარცხი იყო, თუმცა ამავდროულად ეს იყო პირველი აგური იმ მილანისა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ მატჩში ჩვენ დავინახეთ, თუ რა გვჭირდებოდა და იანვარში გუნდმა შესანიშნავად იმუშავა.

„ზოგჯერ მარცხი იმაზე მეტის სწავლის საშუალებას გაძლევს, ვიდრე გამარჯვება. ინტერთან მატჩში მივხვდით, რომ ჩვენ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვეძლო თამაში.“