Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ წინ გრძელი და დამღლელი სეზონი გველის“

სპეციასთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება, პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

„მილანმა ამ სეზონში დასახულ პირველ მიზანს მიაღწია და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. რიუ ავესთან მატჩი ძალიან რთული გამოდგა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და ხვალინდელ მატჩზე ვიფიქროთ.

„ჩვენ სულ ახლახანს ვითამაშეთ და ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გვიწევს, თუმცა ამას უნდა მივეჩვიოთ და დაღლილობის გამო თამაშის ხარისხი არ უნდა შევამციროთ.

„გუნდი მენტალურად არაჩვეულებრივად არის მომზადებული და ეს ფაქტორი ძალების აღდგენაში ძალიან გვეხმარება. ხვალ კიდევ ერთი რთული მატჩი გველის, რადგან სპეციამ გასვლაზე უდინეზეს მოუგო, ამიტომ მოედანზე ენთუზიაზმით და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა გავიდეთ. მილანს წინ გრძელი და დამღლელი სეზონი ელოდება, სადაც კვირაში ორი თამაშის გამართვა ხშირად მოგვიწევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

„ვიხილავთ თუ არა ჰაუგეს მოედანზე ? შესაძლებელია, რადგან ის ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, თუმცა ის გუნდს ახლახანს შეუერთდა და დრო სჭირდება. ჰაუგე განაცხადში იქნება და თუ საჭირო გახდა, ითამაშებს კიდეც.

„კესის მცირე ტრავმა აწუხებს და მისი თამაშიც ეჭვის ქვეშ არის. ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მის ჯანმრთელობას საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. ვიცოდით, რომ სეზონის რთული სტარტი გვექნებოდა და ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი სიტუაციას უფრო ართულებს, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ.“

დიეგო დალოტი დღეს იტალიაში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მილანს შეუერთდება, როსონერი პარალელურად შალკესთან ოზან კაბაკის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ფეხბურთელებზე მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებ, როდესაც ისინი მილანის წევრები ოფიციალურად გახდებიან. გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ შემადგენლობა გააძლიეროს და იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან.“