Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ წინ რთული 7 დღე გველოდება“

სტეფანო პიოლიმ კროტონესთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„კოლომბო ? მან ასაკის მიუხედავად თავისი კლასი უკვე დაამტკიცა. ის მოედანზე საჭირო მონდომებით და მიდგომით გადის, რაც ძალიან დასაფასებელია.

„ჩალჰანოღლუ ? მას მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. მისი მოედანზე გადაადგილება უმაღლეს დონეზეა და გლიტთან მისი საგოლე გადაცემა უბრალოდ შესანიშნავი იყო.

„ითამაშებს თუ არა კოლომბო ? როგორც უკვე გითხარით, ის გუნდისთვის საჭირო ფიგურაა და გუნდის სტილში შესანიშნავად ჯდება. მე შევეცდები, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენო.

„შეუძლია თუ არა რებიჩს 9 პოზიციაზე თამაში ? რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მას მარცხენა ფლანგზე არანაკლებ პროდუქტიულად შეუძლია თამაში. მას აქვს იმის ფიზიკური მონაცემები, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშოს და ამავდროულად სისწრაფე, რომ ფლანგიდან შეუტიოს. რებიჩს პოტენციალი იმის საშუალებას აძლევს, რომ ორივე პოზიციაზე ითამაშოს.

„ტონალი ? ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მისი ინტელექტი და მოედნის შესანიშნავი ხედვა უკვე კარგად იგრძნობა. ჩვენი თამაშის სტილი ბრეშასგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ მას დრო სჭირდება, თუმცა სანდრო მომავალში მილანის ერთ-ერთი ლიდერი გახდება.

„წინ ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი კვირა გველოდება. 7  დღის ინტერვალში ჩვენ 3 მატჩის ჩატარება გვიწევს, რასაც ისიც ართულებს, რომ გუნდს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა საჭირო კონცენტრაციით და მიდგომით ჩვენ მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ.

„სირთულეები ფეხბურთის ნაწილია და ჩვენ მათთან გამკლავება ამ ეტაპზე იბრას გარეშე მოგვიწევს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც თავისი იდენტობა გააჩნია და ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით.

„იქნება თუ არა ლეაო ხვალინდელ მატჩში ? ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. მან ჯერ სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა მისი ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეუძლია თუ არა კესის მცველად თამაში ? მე მას ამ თემაზე უკვე ვესაუბრე და მან მითხრა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იქ ითამაშებს. ის ერთადერთი ნახევარმცველია, რომელსაც მცველის როლის შეთავსებაც შეუძლია. იმედი მაქვს, ამის საჭიროება არ იქნება, თუმცა კესი მზად არის.

„კალაბრიას რეაქცია კრიტიკაზე ? დაბრკოლებების გადალახვა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გახდე და მან ეს იცის. დავიდე დაუღალავად მუშაობს და მისი შრომა შედეგს აუცილებლად მოიტანს.

„ეხმარება თუ არა კაპიტნის სამკლაური ჯიჯოს ? მის ასაკში მილანის კაპიტნობა ადვილი არ არის, თუმცა ის ამით ამაყობს. ჯიჯო ძალიან სწრაფად იზრდება და ზოგჯერ მისი თამაში იმასაც მავიწყებს, რომ ის მხოლოდ 21 წლის არის.

„დიასი ჩალჰანოღლუს შემცვლელად ? ის ძალიან ჭკვიანი და ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.

„რა კომპონენტში უჭირს გუნდს ? წინა მატჩში ჩვენ უბურთოდ უკეთ თამაში გვმართებდა. ბიჭებმა მოედანზე უფრო ორგანიზებულად უნდა იმოქმედონ და ამაზე აშკარად სამუშაო გვაქვს.“