Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ხვალ მოედანზე საუკეთესო მილანი იქნება“

სტეფანო პიოლიმ სპარტასთან მატჩის წინ პრესკონფერნეცია გამართა.

„შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან გუნდს ძალიან დატვირთული პერიოდი უდგას. საბედნიეროდ ჩვენი შემადგენლობა როტაციის საშუალებას გვაძლევს და ხვალ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას დავაყენებ.

„იქნება თუ არა იბრაჰიმოვიჩი ? ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ძალიან მალე უდინეზესთან დაპირისპირება გვიწევს. იბრას რომ ვკითხო, უნდა თუ არა თამაში, ის ყოველთვის მეტყვის – დიახ, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაში ფიზიკურად და მენტალურად დასვენებული ფეხბურთელები გვყავდეს.

„ზუსტი შემადგენლობა ჯერჯერობით გუნდის წევრებმაც არ იციან. ყველაფერს ხვალინდელი სავარჯიშო სესიის დროს გადავწყვეტ.

„ჩვენ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. სპარტამ ჩემპიონატში ყველა მატჩის მოგება მოახერხა, ისინი თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ და იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველოდება.

„რომასთან შეხვედრის შემდეგ გარკვეული სინანულის გრძნობა დაგვრჩა, რადგან მოგება გვინდოდა, თუმცა ამ მატჩში დავამტკიცეთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ძალიან კარგია, რომ ბიჭები ასეთი შედეგით კმაყოფილები არ არიან და ყოველთვის მაქსიმალური უნდათ, ჩვენ მილანი ვართ და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

„ტატარუსანუს შეცდომა ? მე მას და გუნდის სხვა წევრებს ვესაუბრე. ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო და ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს, მე მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.“