Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიპო ინძაგი:“ იტალიის გამარჯვების შემთხვევაში, ჟორჟინიო Ballon d’Or-ს დაიმსახურებს…“

IBARAKI, SOUTH KOREA - JUNE 08: FUSSBALL: WM 2002 in JAPAN und KOREA, Ibaraki, 08.06.02, GRUPPE G/ITALIEN - KROATIEN (ITA - CRO) 1:2, Filippo INZAGHI/ITA (Photo by Gunnar Berning/Bongarts/Getty Images)

ლეგენდარულმა პიპო ინძაგიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

„რობერტო მანჩინიმ აძურის რიგებში ძალიან კარგად იმუშავა და ნამდვილი გუნდური სული ჩამოაყალიბა, თუმცა მისი მთავარი პლიუსი გახლავთ ის, რომ მან ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა შანსი. მაგალითისთვის მანჩინიმ ნაკრებში ნიკოლო ძანიოლო გამოიძახა, რომელიც მაშინ არავინ არ იცოდა, თუ რა ტალანტის პატრონი იყო.

„იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტად ჟორჟინიომ გამაკვირვა, რომელმაც ჩელსიში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ახლა თავის შესანიშნავ შესაძლებლობებს ნაკრების რიგებში აჩვენებს. ვფიქრობ, რომ იტალიის გამარჯვების შემთხვევაში ის Ballon d’Or-ს იმსახურებს.

„იტალია ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენგვყავს მსოფლიო დონის კიპერი ჯიჯო დონარუმას სახით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სანახავია, რომ ლორენცო ინსინიე დაკარგული ბურთის შემდეგ 70 მეტრს გარბის, რომ გუნდს დაცვაში მიეხმაროს. აძურის ძალიან დადებითი ენერგია ეტყობა და გუნდის თამაშებს მე ბრეშაში ჩემს ფეხბურთელებს დეტალურად ვაყურებინებ.“

იტალიის ყველაზე სუსტ პოზიციად ცენტრ-ფორვარდი მოიაზრება, სადაც ჩირო იმობილე და ანდრეა ბელოტი არც თუ ისე წარმატებულად გამოიყურებიან.

„მინდა ვთქვა, რომ ორივე მათგანი მოედანზე მთელი გულით თამაშობენ და არ ვფიქრობ, რომ მათგან გოლების ნაკლებობა გადაუჭრელი პრობლემაა. 2006 წელს ჩვენი ბომბარდირი 2 გოლით მარკო მატერაცი იყო, მაგრამ იტალია ჩემპიონი გახდა.

„იმედი მაქვს, რომ ჩირო ფინალში გოლის გატანას მოახერხებს, რადგან მე მას შესანიშნავ ფორვარდად მივიჩნევ. ის ძალიან ბევრს შრომობს და სხვა ფეხბურთელებს სირვცეებს უქმნის, რაც მის გუნდურობაზე მეტყველებს. ფინალში გატანილი გოლი კი შესანიშნავი დასასრული იქნებოდა.

„ჩიროს სეზონში 30 გოლის გატანა შეუძლია, რაც არაერთხელ დაამტკიცა და მას ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება. რთული მომენტები მეც მქონია, ამიტომ მან კრიტიკოსებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.“