Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ბრძოლით და მონდომებით მოპოვებული გამარჯვება…“

ანდრეა პირლომ უდინეზესთან ურთულესი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვება მონდომების და ბრძოლის შედეგია. უკვე მერამდენედ, საკუთარ თავებს სიტუაცია თავადვე გავურთულეთ, მაგრამ ჩვენ სახლში 3 ქულის წაღება გვსურდა, რაც საბოლოო ჯამში მოვახერხეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ჩვენი კონკურენტების შედეგების გათვალისწინებით, დღეს 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენ შეკრული, ძლიერი გუნდი ვართ, რომელსაც თავისი მიზნებისთვის ბრძოლა სურს და ჩვენ ეს სურვილი არასოდეს დაგვიკარგავს.

„ზოგჯერ გუნდის თამაშისადმი მიდგომა ისეთი არ არის, როგორიც იუვენტუსს ეკადრება, მაგრამ გამარჯვების ერთად აღნიშვნამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად ერთიანი და შეკრული გუნდი ვართ. ახლა იგივე სულისკვეთებით სვლა უნდა გავაგრძელოთ.“

როგორც წესი, პირლო ძალიან გაწონასწორებულია, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ ის გუნდთან ერთად გამარჯვებას ემოციურად აღნიშნავდა.

„მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ეს თამაში ასეთი სტრესიანი და ემოციური გამოვიდოდა, თუმცა როდესაც ასეთ რთულ მატჩს იგებ, ეს დამატებით მოტივაციას და ენერგიას გმატებს.“

ნაპოლიმ და ატალანტამ თავიანთი მატჩები ფრედ დაასრულეს, მილანმა და ლაციომ კი გაიმარჯვეს და იუვეს, ატალანტას და მილანს თანაბარი ქულები აქვთ.

„როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით ჩვენ გადაღლილები ვართ. მარტივი არ არის, რომ 9-წლიანი დომინაციის შემდეგ, შენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და ოთხეულში ადგილს აუცილებლად მოვიპოვებთ.

„მინდა ინტერს და ანტონიო კონტეს ტიტულის მოგება მივულოცო, მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ახლა დროა, რომ წინ ვიყუროთ და საჭირო ცვლილებები განვახორციელოთ, რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ და ყოველთვის ჩემპიონობა გვსურს. 9-წლიანი დომინაციის შემდეგ ეპოქა დასრულდა, თუმცა ძალიან მალე ახალი დაიწყება.“

გათიშვა