Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ გარდამავალი პერიოდი დასრულდა“

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია კალიარისთან მატჩის წინ.

„დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სანაკრებო პაუზის შემდეგ ვბრუნდებით და მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე საჭირო განწყობით და მონდომებით გავიდეთ.

„ჩვენი ჩემპიონატი რეალურად ახლა იწყება. ადაპტაციის პერიოდი დასრულდა და შობამდე 10 თამაში გვაქვს, რომლებიც ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს თითოეული მათგანი ფინალი იყოს.

„ხვალიდან მე გუნდისგან განსხვავებულ თამაშს ველოდები, დიდი მონდომებით და გამარჯვების მიღწევის სურვილით.

„კალიარი შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი ხელმძრვანელობს. დი ფრანჩესკომ გუნდს ენთუზიაზმი შემატა და ისინი როგორც 3, ასევე 4 მცველიანი ტაქტიკით ძალიან კარგად თამაშობენ.

„მათ როგორც ნახევარდაცვაში, ასევე თავდასხმაში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენ მოედანზე უნდა გავიდეთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

„მე მსურს ვიხილო გუნდი, რომელსაც შედეგების დადება ნებისმიერი ხერხით სურს. ჩვენ თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ.“

დე ლიხტი და ალექს სანდრო მოედანს უბრუნდებიან.

„ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. დე ლიხტი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ექიმი თამაშის უფლებას არ აძლევდა, საბედნიეროდ ის უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და დღეიდან გუნდს მისი იმედი აქვს.

„ალექს სანდრომ ვარჯიში ერთი კვირის წინ განაახლა და მას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან დღეს ითამაშოს.

„იმედი მაქვს, რომ ექსპერიმენტების პერიოდი დასრულდა. მე მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან და როგორც ტექნიკურ, ასევე ტაქტიკურ თემებზე ხშირად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მსიამოვნებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სქემა ნაწილობრივ იმის მიხედვით შეიცვლება, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე, თუმცა საერთო მონახაზი უკვე გვაქვს და ახლა სტაბილურობა გვჭირდება.“