Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ დიბალას რონალდუსთან და მორატასთან ერთად თამაში შეუძლია“

ანდრეა პირლომ ფერენცვაროშთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ჩვენს მიერ არჩეული გზა უნდა გავაგრძელოთ, შაბათს ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, ეს უბრალოდ რიგითი შეხვედრა იყო და ასეთი თამაში უნდა გავაგრძელოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გრანდობაზე პრეტენზია ვერ გვექნება. ჩვენ იუვენტუსი ვართ და ნებისმიერ მეტოქესთან 3 ქულის მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ.

„ჩვენ ხვალ მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს ფინალში ვიყოთ, რადგან გამაჯრვება და მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტია გვჭირდება, რაც შემდგომში ფეხბურთელების დასვენების და ყურადღების სერია ა-ზე გადატანის საშუალებას მოგვცემს.

„ახლა ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ცოტა დრო გვჭირდებოდა და კალიარისთან მატჩში გამოჩნდა, რომ გუნდი ძალიან უმატებს, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება.

„ფერენცვაროშის ძლიერი მხარეები კარგად ვიცით. პირველი ტურის მატჩს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ხვალ მაქსიმალური ყურადღებით და მონდომებით უნდა გავიდეთ. ხვალ კარგი თამაში გუნდს საკუთარ ძალებში რწმენას შემატებს და ყველას დაანახებს, რომ ჩვენ სტაბილურად კარგი თამაშის ჩვენება შეგვიძლია. ეს თავგადასავალი 2 თვის წინ დავიწყეთ და ამ პერიოდში წინსვლა აშკარაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სტაბილურობის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს.“

დემირალის, კიელინის და ბონუჩის ტრავმების ფონზე, მატიას დე ლიხტი ერთადერთი ცენტრალური მცველია პირლოს განკარგულებაში.

„ჩვენ მხოლოდ 4 მცველი გვყავს, ალექს სანდრო და დანილო მოედანზე იქნებიან.

„ნახევარდაცვაში მე კულუსევსკისა და კიეზას შორის გავაკეთებ არჩევანს. ბერნარდესკიმ ნაკრებშიც და კალიარისთანაც ძალიან კარგად ითამაშა და არ არის გამორიცხული, რომ ის ძირითადში ვიხილოთ.

„დიბალა სათამაშოდ მზად არის. ის თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. სასტარტოში იქნება თუ არა ჯერჯერობით არ ვიცი.

„შეუძლია თუ არა რონალდუს, დიბალას და მორატას ერთად თამაში ? სამწუხაროდ, სამივე მათგანის მოედანზე ხილვა ჯერჯერობით არ მოგვიწია. მათ ერთად სულ რამდენიმეჯერ ივარჯიშეს. ამ თემაზე გამოსავლის პოვნას სეზონის სტარტიდან ვცდილობთ. ჩვენ გუნდს უფრო მეტი ბალანსი უნდა შევმატოთ, შემდეგ კი შევეცდებით, რომ სამივე მათგანი ერთად ვათამაშოთ, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.

„ურთიერთობა რონალდუსთან ? მე მას, როგორც სხვა დანარჩენებს დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ფეხბურთელებისთვის ხელმისაწვდომი ვიყო. მე რონალდუს ისეთივე ყურადღებას ვაქცევ, როგორსაც ფრაბოტას ან პორტანოვას, მე ასეთი ვიყავი ფეხბურთელი და ასეთი ვარ ახლაც…“