Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ დიბალა გაბრაზებული იყო“

ანდრეა პირლომ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ კროტონესთან მატჩის შემდეგ დიბალა უთამაშებლობის გამო გაბრაზებული იყო.

„მე გუშინ ყველა ფეხბურთელს ვესაუბრე, მათ შორის დიბალას. ის გაბრაზებული იყო, რომ მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას სამი თვე გაუცდა და ფიზიკური მდგომარეობა გასაუმჯობესებელი აქვს.

„მას კროტონესთან თამაში შეეძლო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოედანზე 10 კაცით დავრჩით, დიბალას მოედანზე გასვლა გამოირიცხა.

„ახლა ის გუნდის დასახმარებლად მზად არის და ადრე თუ გვიან დიბალა მოედანს დაუბრუნდება. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ჩემპიონი, რომელიც უკვე დიდი ხანია შემჩნეული მყავს.


„დიბალა იმიტომ არ თამაშობდა, რომ მისი მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა. მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. კარგი ფეხბურთელები თავის ადგილს მოედანზე ყოველთვის იპოვნიან.“

ბებერი ქალბატონი ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე დინამო კიევს დაუპირისპირდება და ეს ევროპულ სარბიელზე მაესტროს სადებიუტო მატჩი იქნება.

„ახლა მე იმას ვიზავ, რასაც ფეხბურთელები. დავიძინებ, ვისაუზმებ და სტადიონზე მოვალ. ჩემი ჩვევების შეცვლას არ ვაპირებ.

„ლუჩესკუ ჩემი პირველი მწვრთნელი იყო. მან  გუნდში 15 წლის ასაკში მიმიყვანა და 16 წლისას სადებიუტო მატჩში მონაწილეობის საშუალება მომცა.

„ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით, მე მისი მადლიერი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები და ხვალ კარგი შესაძლებლობაა, რომ მას დავუპირისპირდე.“

იუვენტუსს ფონს გასვლა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოუწევს, რომელსაც კორონა ვირუსი აქვს.

„კრიშტიანუს კვლავ ვირუსი აქვს და სამწუხაროდ ვერ დაგვეხმარება, თუმცა საბედნიეროდ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, მაგალითად მორატა, რომელსაც მის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ერთადერთი, რაც მაწუხებს არის ის, რომ მოედანზე გასვლა და ფეხბურთელების დახმარება არ შემიძლია.

„ასეთი რანგის ტურნირებზე პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა შევეცადოთ, რომ ის მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ. ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ საკუთარ თავში რწმენა გავიმყაროთ.

„გუნდი მშვიდად არის, იცის თუ რა უნდა გააკეთოს და მიზანი ერთია – 3 ქულის მოპოვება.“

კროტონესთან მატჩის გამოტოვების შემდეგ, გუნდს აარონ რემსი დაუბრუნდა.

„რემსი თავს უკეთ გრძნობს, ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით უკვე ორი დღეა ვარჯიშობს და იმედი მაქვს, ხვალ თამაშს მოახერხებს.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველაფრის მოსაგებად იბრძვის და თუ ჩვენ ოპონენტებზე უკეთ ვითამაშებთ, ამას მოვახერხებთ.

„მართალია კროტონესთან ქულები დავკარგეთ, თუმცა გუნდი შენების პროცესშია და გარკვეული დრო გვჭირდება, რომ ჩვენი იდეები ბოლომდე გავიაზროთ და თამაშში გამოვიყენოთ.“