Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ დიბალა ძირითადში იქნება“

ანდრეა პირლომ ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ლა ჯოია შეხვედრას სასტარტოში დაიწყებს.

„ჩვენ დინამოსთან მატჩის შემდეგ დასვენებისთვის დრო გვქონდა, ამიტომ ჯორჯო კიელინის გარდა ყველა ფეხბურთელი მზად არის.

„რონალდუს ტესტს რაც შეეხება, მას და გუნდის სხვა წევრებსაც ტესტი დღეს დილით ჩაგვიტარდა და პასუხს ველოდებით. ალექს სანდრო თავს უფრო და უფრო კარგად გრძნობს, თუმცა ის მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდება.

„ვადასტურებ, რომ ხვალ დიბალა სასტარტოში იქნება. მან ბოლო პერიოდში კარგად ივარჯიშა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი მოედანზე დაბრუნება დროის საკითხი იყო, რადგან მას ჯერ ტრავმა ჰქონდა, შემდეგ ვირუსი.

„მორატა ? მისი კარგი თამაში არავის გაკვირვებია, სწორედ ამიტომ გავიფორმეთ ალვარო. ვიცოდით, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც სხვადასხვა ტაქტიკაში შეუძლია თამაში. ის დიბალას კარგად იცნობს და ვფიქრობ, რომ ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნიან.

„ატლეტიკოში მას ხშირ შემთხვევაში დაცვაში თამაშ უწევდა და როდესაც ბურთს მიიღებდა, მეტოქის საჯარიმომდე 80 მეტრის მოშორებით იყო. იუვეში კი ვცდილობთ, რომ ბურთი ჩვენ გავაკონტროლოთ, ერთმანეთისთვის ვიმუშაოთ და თავისუფალი ზონები შევქმნათ, რაც სემტევებს საქმეს გაუადვილებს.

„ბერნარდესკის რაც შეეხება, ჩვენ გვსურს, რომ მან იგივე პოზიციაზე ითამაშოს, რომელზეც ფიორენტინაში თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ფედერიკო იუვესთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.“

კიეზა კროტონესთან მიღებული წითელი ბარათის გამო გუნდს ვერ დაეხმარება, თუმცა გუნდს უესტონ მაკკენი დაუბრუნდა.

„საბედნიეროდ ბევრი ვარიანტი მაქვს. თითქმის ყველა ნახევარმცველს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ამიტომ როტაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.

„მაკკენის პასუხი ვირუსზე გუშინ უარყოფითი იყო. ის ფიზიკურ შემოწმებას დღეს გაივლის და იმედია, რომ ხვალ სათადარიგო სკამზე მაინც იქნება. დე ლიხტი ექიმების თანხმობას ელოდება, რომ თამაში შეძლოს. ის უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ჯერჯერობით ფიზიკურ კონტაქტს ერიდება.

„დინამოსთან მატჩი ? ამ შეხვედრას 20.000 გულშემატკივარი დაესწრო და ამის გამო შეხვედრამ სრულიად სხვა მუხტი დამიტოვა. გულშემატკივრების ხმაური ფეხბურთელებს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, მათ გარეშე თამაში ადვილი ნამდვილად არ არის.“