Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:” დომინაცია უნდა განვაგრძოთ”

იუვენტუსმა საშინაო არენაზე კალიარის უმასპინძლა და რონალდუს დუბლის წყალობით 2 – 0 დაამარცხა. (მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ)

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა.

„ფეხბურთელები მომავალ მატჩებში შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ჩვენი ფეხბურთის სტილი და მიდგომა უცვლელი უნდა დარჩეს.

„ჩვენ დღეს და განსაკუთრებით პირველ ტაიმში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და თამაშს იდეალურად ვაკონტროლებდით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე გავაგრძელოთ, რაც თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

„როდესაც სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს უბრუნდები, ფოკუსირება ყოველთვის ძალიან რთულია, მაგრამ ბიჭებმა საჭირო მოტივაციის პოვნა მოახერხეს და ის მარათონი, რაც შობამდე გველოდება, კარგად დავიწყეთ.

„საბედნიეროდ გუნდში მრავლად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა ერთი კონტრ-შეტევით შეუძლიათ, თუმცა ბალანსი არ უნდა დავივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ვიწელებით და ბევრ  თავისუფალ ზონას ვტოვებთ.

„არტური ? ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ის იუვეში ლა ლიგიდან გადმოვიდა, ჩემპიონატიდან, რომელიც სერია ა-სგან ძალიან განსხვავდება და გასაკვირი არ არის, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ ადაპტაციის პერიოდი დასრულდა და არტური მოედანზე იმის გარანტიას იძლევა, რომ ბურთი საჭირო მიმართულებით წავა და გუნდი ოპონენტის პრესინგს ადვილად გაუმკლავდება.

„გუნდში ხარისხის და ტალანტის მხრივ პრობლემა ნამდვილად არ არის, თუმცა თუ გვსურს, რომ ასეთი დომინანტები ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვიყოთ, ჩვენ ბურთის უფრო სწრაფად მოძრაობა და ფლანგების სწრაფ ტემპში შეცვლა უნდა ვისწავლოთ.

„ფეხბურთელებს თამაშის ასეთი სტილი ძალიან მოსწონთ და მეტიც, როდესაც შენ ბურთს აკონტროლებ, ბევრი სირბილი აღარ გიწევს და გაქვს საშუალება, რომ ბურთთან ერთად დაისვენო.

„ჩვენ ასეთი პრესინგის თამაში სეზონის სტარტიდან გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა. საბედნიეროდ ფეხბურთელები ერთმანეთს ნელ-ნელა ეჩვევიან, რაც გუნდის საერთო თამაშსაც ეტყობა.

„დიბალა ? როდესაც ის 100 პროცენტით მზად იქნება, მას უფრო მეტი დრო მიეცემა. ის ბოლო 10 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკებს იღებდა, მაგრამ დღევანდელ ვარჯიშზე კარგი ფორმა აჩვენა და გადავწყვიტე, რომ მისთვის ცოტა სათამაშო დრო მიმეცა.

„რონალდუ ? ის უდიდესი პროფესიონალია და ეს სიახლე არავისთვის არ არის. კრიშტიანუ ყველასთვის მისაბაძი მაგალითია და ერთადერთი რჩევა, რაც მას შემიძლია მივცე არის ის, რომ მან ასე გააგრძელოს.“