Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ინტერმა ჩემპიონობა დაიმსახურა“

ანდრეა პირლომ ინტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და ნერაძურის ჩემპიონობა მიულოცა.

„მილანთან მარცხის შემდეგ გუნდს თავდაჯერებულობის დაბრუნება სჭირდებოდა და სასუოლოსთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„სასუოლოსთან მატჩის შემდეგ ჩვენი სინანულის გრძნობა სეზონის გამო უფრო გაიზარდა, რადგან კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ თუ გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრაციას არ დაკარგავს, ჩვენ სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

„დარჩენილი მატჩების შემდეგ ჩვენ შევიკრიბებით და მთელს სეზონს მიმოვიხილავთ, გავაანალიზებთ შედეგებს, შეცდომებს და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.

„ფედერიკო კიეზა თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, რომ ხვალ ის სასტარტოში იქნება. ასევე დაგვიბრუნდა მერიჰ დემირალიც და კიეზას მსგავსად დიდი ალბათობით მასაც სასტარტოში ვიხილავთ.

„ხვალ თამაშის საშუალება მიეცემა ალექს სანდროს, რომელიც კოპა იტალიას ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმარება.

„მინდა ინტერს ტიტულის მოპოვება მივულოცო, მათ ყველაზე სტაბილური სეზონი ჰქონდათ და სკუდეტო დაიმსახურეს.

„სამწუხაროა, რადგან სეზონის განმავლობაში ჩვენ შემადგენლობის მხრივ ყოველთვის პრობლემები გვქონდა, რამაც გუნდის შესაძლებლობების ბოლომდე გამოჩენის საშუალება არ მოგვცა, მაგრამ წუხილი ამბიციის ნაწილია და მომდევნო სეზონში უფრო მონდომებულ იუვენტუსს იხილავთ.

„იტალიის ახალი ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში ჩვენ ხვალ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს. ინტერი თამაშის მოგებას შეეცდება, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.“