Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ იუვენტუსისთვის არაფერი შეცვლილა“

ანდრეა პირლომ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იუვენტუსისთვის ჯერ სეზონი არ დასრულებულა და გუნდის მიზანი უცვლელი რჩება.

„გუნდმა ძალიან დიდი დარტყმა გადაიტანა, მაგრამ ჩვენ ვარჯიშს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, რადგან ჯერ სეზონი არ დასრულებულა.

„კალიარი არის გუნდი, რომელმაც მწვრთნელი ახლახანს შეიცვალა და მათ მაშინვე მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვეს, ამიტომ მათ წინააღმდეგ სიამაყე და გუნდური სული გვჭირდება, რომ კარგად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“

ეს ჩემპიონთა ლიგიდან მოულოდნელი გამოვარდნის შემდეგ პირველი მატჩი იქნება. იტალიაში და ესპანეთში რონალდუს რეალში შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმები კვლავ აქტუალურია.

„რონალდუ თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა ის, როგორც გუნდის სხვა წევრები, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის გამო იმედგაცრუებულია. მან კარგად ივარჯიშა და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის.

„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ასეთი ჭორების გავრცელება ნორმალურია, რადგან ის მესის გვერდით მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს და 90-ზე მეტმა გატანილმა გოლმა ეს უკვე დაამტკიცა.

„იუვენტუსმა პროექტი ახლახანს დაიწყო და გუნდს გაახალგაზრდავება სურს, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ფონს ვერ გახვალ, შენ გამოცდილი მოთამაშეებიც გჭირდება.

„მე ფეხბურთელის ამპლუაში ასეთი მომენტები ბევრი მქონია, რადგან ბევრ გამარჯვებასთან ერთად, ბევრი წაგების გადატანა მომიწია. ყოველთვის ვცდილობდი, რომ იმედგაცრუების მიუხედავად მოტივაცია მაქსიმალურად მოკლე დროში დამებრუნებინა და ახლაც იგივეს ვიზავთ.

„ჩვენი სეზონის პორტუსთან მატჩით არ დასრულებულა, წინ სერია ა-ს მატჩები და კოპა იტალიას ფინალი გველოდება. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ იუვენტუსი ვართ და ნეგატიურ მომენტებზე ძლიერი რეაგირების მოხდენა შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და გუნდის მიზნებისთვის ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

„როდესაც შენ იწყებ, ყველა მატჩის მოგება გსურს, მაგრამ ეს შეუძლებელია. თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი უნდა იმუშაოს და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ ყოველთვის მარცხს თავს ვერ ავარიდებთ.

„ჩვენი გზა არ შეცვლილა, გუნდს საკუთარ მიზნებში რწმენა უნდა ჰქონდეს და დარწმუნებულები ვართ, რომ წინ დიდი მომავალი გველოდება.“

იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგა უკვე 26 წელია არ მოუგია, რა აკლია გუნდს ?

„ჩვენ გარკვეული შეცდომები დავუშვით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ძვირი გიჯდება. გუნდმა ეს შედეგი უნდა მიიღოს და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სერია ა გახლავთ.

„თითოეულ შეხვედრას ახლა ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს. გუნდს მატჩებისთვის მოსამზადებლად და დასასვენებლად უფრო მეტი დრო აქვს, ამიტომ უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ.

„ტრავმირებულები ? დემირალის, რემსის, დიბალას და ბენტანკურის გარდა ყველა ხელმისაწვდომია და ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ. კიელინიმ ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა ხვალ სასტარტოში ვიხილოთ.

„იმედი მაქვს, რომ დიბალა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდება. მიმდინარე სეზონში ის ფაქტობრივად არ გვყოლია, რაც ძალიან დიდი დანაკლისია.“

გათიშვა