Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ იუვენტუსი ვალდებულია, თამაში უკეთ წაიკითხოს“

ანდრეა პირლოს იუვენტუსმა ბენევენტოსთან 1 – 1 ითამაშა და ბებერი ქალბატონი ამ მატჩშიც უსახური გახლდათ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა.

„ჩვენ პირველ ტაიმს ვაკონტროლებდით, გვქონდა შანსი, რომ თამაში მოგვეკლა, თუმცა რამდენიმე მომენტის კარგად წაკითხვა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტაიმის ბოლოს კონცენტრაციას ვკარგავთ და გოლს ვუშვებთ. თამაშის მიწურულს ცივსისხლიანობა დავკარგეთ, მცირე პანიკაში ჩავარდით და შექმნილი მომენტები გოლად ვერ ვაქციეთ.

„რატომ დარჩა რონალდუ ტურინში ? მას შუა კვირაში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ მას დასვენება სჭირდებოდა, თუმცა კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას დღეს დაესვენა. ის გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა გუნდი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

„ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ, გადაღლილები არიან და 90 წუთი ინტენსიობას ვერ ინარჩუნებენ, რაც სრულიად გასაგებია.

„მადრიდის რეალი რონალდუზე დამოკიდებული იყო. ყველამ ვიცით, თუ რამდენად დიდი ძალაა ის ნებისმიერი გუნდისთვის და გასაკვირი არ არის, რომ კრიშტიანუ ცენტრალური ფიგურაა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ.

„ჩვენ თამაშის ხარისხის გამოსწორებაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა როდესაც მოედანზე ქაოსი იქმნება, გუნდი თამაშზე კონტროლის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და ეს კროტონესთან მატჩშიც გამოჩნდა.

„ჩვენ თამაშის წაკითხვა უკეთ უნდა შეგვეძლოს, უნდა ვიცოდეთ, თუ როდის არის თამაშის მოკვლის დრო და როდის უნდა შევცვალოთ თამაშის ტემპი.

„კულუსევსკი ? ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყველა თამაშს ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიწყებს. პარმაში და იუვენტუსში თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, აქ ფეხბურთელებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და გამოუცდელი მოთამაშეებისთვის მენტალურად ყველა თამაშის დაწყება ძალიან ძნელია.

„ჩვენ ვიცით, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს მას და თუ ბოლო თამაშებში სიმწვავე დაკარგა, ეს უბრალოდ განვითარების პროცესია.“