Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ იუვენტუსი საბოლოო ფორმას იღებს“

ანდრეა პირლომ სამპდორიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„კიეზა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს შეუერთდა. ეს მისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იყო და თავიდან ის ცოტას მორცხვობდა. ახლა მან ადაპტაციის პერიოდი გაიარა, საკუთარ თავში უფრო მეტი რწმენა შეიძინა და ძალიან განვითარდა.

„ძალიან კარგია, რომ ის შეტევაში მომენტების გამოყენებას კარგად ახერხებს, მე მისგან სწორედ ამას მოვითხოვდი.

„სამწუხაროა, რომ მატჩი პირველივე ტაიმში ვერ მოვკალით, რადგან ამის შანსები ნამდვილად გვქონდა. დღეს შესნის საქმე ფაქტობრივად არ ჰქონია და მეორე გოლის გატანა მაინც მოვახერხეთ, თუმცა მომავალში ასეთი თამაშები უფრო ადრე უნდა დავასრულოთ.“

რონალდუმ სერია ა-ში ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა.

„რონალდუმ თავისი გასაკეთებელი დღესაც გააკეთა, ორივე გადამწყვეტი პასი გოლების დროს მას ეკუთვნის, ამიტომ ის როგორც ყოველთვის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

იუვენტუსს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთ ფორვარდს უკავშირებდნენ.

„ჩვენ შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ თამაში, მაგალითად კიეზა, კულუშევსკი და რემსი, დიბალაც ძალიან მალე დაგვიბრუნდება, ამიტომ ტრანსფერის ვალდებულება არ გვაქვს.“

იუვენტუსმა ინტერთან მატჩის გარდა იანვარში ყველა შეხვედრა მოიგო.

„როდესაც გუნდი გოლს არ უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვასთან ერთად ნახევარდაცვა და შეტევა კარგად თამაშობს. ჩვენ დღეს კარგი პრესინგი ვაჩვენეთ, თუმცა ამ ასპექტში კიდევ მოსამატებელი გვაქვს.

„ჩვენ ნელ-ნელა საბოლოო ფორმას ვიძენთ და იმ გუნდს ვემსგავსებით, რომლის ხილვაც მე მსურდა. სამწუხაროდ სეზონის წინ მოსამზადებელი პერიოდი საერთოდ არ მქონია და ექსპერიმენტების ჩატარება უშუალოდ სერია ა-ს მატჩებში მომიხდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი საბოლოო შედეგისკენ მიდის.“