Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ იუვენტუსს დასაკარგი არაფერი აქვს“

ანდრეა პირლომ ბარსელონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ბუფონი თავს უკეთ გრძნობს, მან ტრავმა მოირჩინა და შსაძლოა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში იყოს, რადგან ის ამას იმსახურებს.

„კრიზისი ბარსელონაში ? მე ამის არ მჯერა. მათ ჰყავთ შესანიშნავი შემადგენლობა და ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელსაც მკაფიო იდეები აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბარსა ძალიან დიდი გუნდია.“

იუვენტუსს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ამისთვის ბარსელონას 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხება მოუწევს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეგვიძლია. წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ შანსები გვექნება და მათი გამოყენება გვმართებს.

„გუნდმა თავისუფლად უნდა ითამაშოს, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„რემსი ? მას შეუძლია, რომ გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყოს. მან ტრავმა ახლახანს მოირჩინა და 90 წუთის თამაში არ შეუძლია, მაგრამ გარკვეული წუთები ალბათ მიეცემა.

„ასეთი თამაშები გუნდის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა ფეხბურთელები ამ რანგის გუნდების წინააღმდეგ თამაშის დროს საჭირო გამოცდილებას იღებენ, რაც მომავალში ძალიან გამოგვადგება.

„ჩვენ პირველ წრეში ბარსელონას წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი კარგად განვიხილეთ. ბიჭებმა იციან, რომ როდესაც ბურთს ჩვენ არ ვფლობთ, მოედანზე უკეთ უნდა ვიმოძრაოთ და თავისუფალი სივრცეები მაქსიმალურად შევზღუდოთ.

„მე ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ზოგი ფეხბურთელი მოედანზე 100 პროცენტით კონცენტრირებული არ არის, თუმცა ეს იმასაც შეგვიძლია დავაბრალოთ, რომ თამაში ყოველ მე-3 დღეს გვიწევს და ეს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძალიან რთული გასაკეთებელია.

„თუმცა, ისეთი რანგის თამაშში როგორიც ხვალ გვაქვს, ასეთი რამ არ მოხდება, რადგან ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაში ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას სძენს.

„რაბიო ? მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მას კარგი სეზონი აქვს. მე არ მეგონა, თუ ადრიენი ასეთი შრომისმოყვარე ფეხბურთელი იქნებოდა და მან სასიამოვნოდ გამაკვირვა.

„ის ახლა თავისი პოტენციალის 70 პროცენტს იყენებს და მას შეუძლია, რომ მსოფლიო დონის ნახევარმცველი გახდეს.“

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მესი-რონალდუს შორის საუკეთესოზე საუბარი შეუძლებელია.

„კუმანს ვეთანხმები, ორივე მათგანი ბოლო 15 წელში ფეხბურთის ისტორიას წერენ. მათ ყველა Ballon d’Or-ი მოიგეს და იმის თქმა, რომ ერთი მეორეზე უკეთესია, სრული სისულელე იქნება. ისინი არიან ფენომენები, რომლებიც მილიონობით გულშემატკივარს ფეხბურთს აყვარებენ.

„ჩვენ იმაზე არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რომელია მათ შორის საუკეთესო. ჩვენ უბრალოდ მადლობა უნდა ვუთხრათ და დავტკბეთ იმ თამაშით, რასაც ისინი ყველა თამაშში აჩვენებენ.“