Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ იუვენტუსს სტაბილურობა სჭირდება“

ანდრეა პირლომ ატალანტასთან მატჩის წინ, რომელიც ტურინში 21:30 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება მეტოქესთან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავ შედეგებს დებს, ამიტომ მათ იგივე შემართებით უნდა დავუპირისპირდეთ, როგორც ტოპ გუნდებთან გვაქვს.

„მე მათი სტაბილურობა მაოცებს, რადგან გუნდის და მწვრთნელის ერთიანი მუშაობით ისინი ახერხებენ და არც თუ ისე დიდი ფინანსების მიუხედავად, წლიდან წლამდე ძალიან კარგ შედეგს დებენ. ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით.

„გასპერინიმ კარიერა იუვენტუსის ახალგაზრდულ სექტორში დაიწყო და მას შემდეგ ყველგან, სადაც ის მივიდა, წარმატებას მიაღწია. მას გამორჩეული ხედვა აქვს, რომელიც შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა.“

იუვენტუსი ცდილობს, რომ გუნდი უფრო შემტევ ფეხბურთზე გადაიყვანოს და სკუდეტოს მოგების მიუხედავად, მაურიციო სარის ეს არ გამოუვიდა.

„ჩვენ ახლა შედეგებზე მეტად სტაბილურობა, თამაშისადმი მიდგომა და კონცენტრაცია გვაინტერესებს, რომ თითოეულ შეხვედრას ერთნაირად შევხვდეთ იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა, თუ სერია ა. როდესაც შენ სწორი მუხტი და შემართება გაქვს, შედეგები ავტომატურად მოვა.

„გუნდი ძალიან უმატებს, მაგრამ იდეალური თამაშისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. ჩვენ ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვამოძრაოთ და პასების დროს შეცდომებს უნდა მოვუკლოთ.

„რაც მთავარია, მე ბიჭებთან ძალიან ხშირად ვსაუბრობ და ვცდილობ ავუხსნა მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით ყოფნა, რადგან გარკვეულ მომენტებში მათ კონცენტრაციის ნაკლებობა ეტყობათ, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. თუ ჩვენ 95 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მობილიზებულები არ ვართ, თამაშის მოგება ძალიან რთულდება“

გუშინ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და პლეი – ოფში იუვენტუსის მეტოქე პორტო იქნება.

„სამართლიანი წილისყრა გამოვიდა. ჩვენ მივაღწიეთ ტურნირის ისეთ ეტაპს, სადაც მარტივი ოპონენტი არ არსებობს. პორტოს დიდ პატივს ვცემთ და მათთან ძალიან კარგი მატჩები გველოდება, თუმცა ახლა მთელი ყურადღება სერია ა-ზე გვაქვს მიბყრობილი.“