Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ კუადრადოს წითელი სწორი გადაწყვეტილება იყო, არბიტრის სხვა შეცდომებზე კომენტარს არ გავაკეთებ“

იუვენტუსმა ფიორენტინას უმასპინძლა და 3 – 0 განადგურდა, რის შემდეგაც ტოპ 5 ლიგაში მილანი დარჩა ერთადერთი გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში არ დამარცხებულა.

მატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა.

„ჩვენ მოედანზე ცუდი განწყობით გავედით და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. ეს შესაძლოა იმის ბრალია, რომ ფეხბურთელებმა უკვე შვებულებაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრმა ასეა თუ ისე, იუვენტუსმა დღეს საშინლად, ყოველგვარი ფოკუსის გარეშე ითამაშა და წაგება დაიმსახურა.“

დღეს იუვემ ფიორენტინასთან მარცხის გარდა კიდევ 3 ქულა დაკარგა. სასამართლომ ნაპოლის აპელაცია დააკმაყოფილა და ტურინელებს პარტენოპეისთან მატჩის გადათამაშება მოუწევთ.

„ჩვენ თამაშის პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ სხვა გუნდებს, რომლებიც ნაპოლის სიტუაციაში იყვნენ, ბევრად დიდი დანაკლისით მოუწიათ თამაში, თუმცა მათ დაკისრებული მოვალეობა შეასრულეს.

„მე ვერ გავსჯი გადაწყვეტილების სისწორეს, თუმცა ჩემი აზრით სხვა გუნდებთან, რომლებსაც იგივე სიტუაცია ჰქონდათ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამართლიანი არ არის.

„მსაჯობა ? კუადრადოს ეპიზოდი ნათელი იყო, ის წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა მატჩში იყო მომენტები, რომლებსაც თამაშის ბედის შეცვლა შეეძლოთ, თუმცა მე ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა.

„ჩვენ ტაქტიკურ და ტექნიკურ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მე-10 წუთზე მოედანზე 10 კაცით დავრჩით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თამაშში დავრჩენილიყავით და ის 2 პენალტი რომ დადებულიყო, თამაშიც სხვა სცენარით წავიდოდა.

„მწვრთნელი ფეხბურთელებს ინსტრუქციას აძლევს, მოედანზე კი მოთამაშეები გადიან და ხდება ისეც, რომ ისინი დავალებებს 100 პროცენტით ვერ ასრულებენ. ჩვენ პირველ ტაიმში ფიორენტინას გოლი ვაჩუქეთ და 10 კაცით დავრჩით, მეორე ტაიმში კი სწორი შემართებით გავედით, თუმცა სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო.“

მილანთან და ინტერთან სხვაობა უკვე საკმაოდ დიდია.

„ჩვენ ახლა რამდენიმე დღე დავისვენებთ, ძალებს მოვიკრებთ და შემდეგ შევუდგებით იმ შეცდომების განხილვას, რომლებიც დავუშვით და მათ გამოსწორებას შევეცდებით. ჩვენ გვაქვს პროექტი და ვიცით, რომ განვითარება შეგვიძლია.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ იუვენტუსს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ინტერი და მილანი ჩვენზე წინ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სეზონის სტარტი ჩვენზე კარგად ჩაატარეს. მოდით ნუ ვუარყობთ, რომ ამ მომენტისთვის ისინი ფავორიტები არიან.“

ლეო ბონუჩის საშინელი მატჩი ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ 3 გოლიდან 2 მის კისერზეა.

„ასეთი რაღაც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ბონუჩის ცუდი დღე ჰქონდა, მაგრამ ის ჩვენი კაპიტანია და გუნდს მისი 100 პროცენტის სჯერა.“

დე ლიხტი ტრავმის გამო ბოლო წუთზე შეიცვალა.

„ეს კუნთის უბრალო გაჭიმულობას ჰგავს, რაც ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე საკმაოდ მოსალოდნელი იყო. იმედი მაქვს სერიოზული არაფერია, ხვალ ყველაფერი გაირკვევა.“