Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ლაციოსთან მატჩი მძიმე, თუმცა ამაღელვებელია“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლაციოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, რადგან ლაციო-იუვენტუსს შორის თამაშები ყოველთვის საინტერესო და სანახაობრივი გამოდის.

„ლაციოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს, ამიტომ წინ მძიმე, თუმცა ამაღელვებელი შეხვედრა გველის. ისინი კონტრ-შეტევაზე ძალიან ძლიერები არიან, განსაკუთრებით სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და მათი ფორვარდები, ამიტომ ტექნიკური შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ლაციოს კონტრ-შეტევის საშუალება არ მივცეთ.

„ფერენცვაროშთან რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი იყო, როდესაც გუნდმა ნახევარდაცვიდან შეტევა იდეალურად განავითარა. ჩვენ შექმნილი სივრცეები კარგად გამოვიყენეთ და 4 გოლის გატანაც მოვახერხეთ. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის, თუმცა რაც დრო გადის, გუნდს გაუმჯობესება აშკარად ეტყობა.

„ნახევარდაცვიდან გოლები აუცილებელია და ჩვენ ვმუშაობთ, რომ რაბიომ, მაკკენიმ და სხვებმა უფრო წინ თამაში ისწავლონ და მეტოქის კარს უფრო ხშირად დაემუქრნონ.

„მორატა ? მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, ამიტომ ის, რასაც ის იუვეში მოსვლის დღიდან აკეთებს, საერთოდ არ გამკვირვებია. ალვარო ყოველთვის ჩართულია თამაშში და გუნდს მისი იმედი აქვს.

„ყველაზე მეტად ახლა მსურს, რომ გუნდმა მეტი თავდაჯერებულობა გამოამჟღავნოს, რაც თამაშებში დომინაციის სახით წარმოჩინდება. ლაციოსთან გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„როგორია იყო იუვენტუსის მწვრთნელი ? შესანიშნავი გრძნობაა, თუმცა ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვგრძნობ.“