Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო“

ანდრეა პირლომ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როდესაც გუნდი ასეთი ერთიანია, თითოეული ფეხბურთელი თავგანწირვისთვის მზად არის და თანაგუნდელები ერთმანეთს აზღვევენ, გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება და ეს სწორედ ის არის, რაც გარკვეულ მატჩებში ჩვენ დაგვაკლდა.

„ჩვენ ვარჯიშებზე ბევრი ვიმუშავეთ, რომ ფლანგის შემტევებისთვის უფრო მეტი სივრცე შეგვექმნა და დღეს ეს ყველაფერი კარგად გამოვიყენეთ. კუადრადომ და კიეზამ დავალებები ძალიან კარგად შეასრულეს. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და სამწუხაროა, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ.

„მე სეზონის სტარტიდანვე მსურდა, რომ იუვეს ასეთი სტილის ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევდა, მე იძულებული ვიყავი როტაციისთვის მიმემართა და ვარჯიშისთვის დრო საერთოდ არ გვქონდა.

„ხშირად მეორე ეშელონის გუნდებთან საჭირო მოტივაცია გვაკლდა და ასეთ მატჩებში ქულების მოპოვებას ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ვცდილობდით, თუმცა მე გუნდური თამაშის ხილვა მსურს, სწორედ ისეთი, როგორიც დღეს ვიხილეთ.“

იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ შეხვედრაში წარუმატებლობის შემთხვევაში იუვე პირლოს დაითხოვდა.

„მე ვიცოდი, რომ მწვრთნელობას ასეთი ჭორები ყოველთვის თან ახლავს და ამისთვის მზად ვიყავი. უშუალოდ მატჩის წინ დადასტურებული კორონა ვირუსის შემთხვევები გეგმებს ყოველთვის გირევს, მაგრამ ჩვენ ასეთ სიტუაციაში თამაში მთელი სეზონია გვიწევს.

„ამის გარდა, იუვენტუსს თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ისეთი ფეხბურთელი აკლდა, როგორიც პაულო დიბალაა და რა თქმა უნდა, ის ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა. ბიჭები ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ მწვრთნელს რაც უფრო მეტი ვარიანტი აქვს, რთული სიტუაციიდან გამოსავალსაც უფრო მარტივად იპოვნის.

„დარჩება თუ არა დიბალა ? მას იუვესთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს, ვნახოთ.

„კიეზა ? მას წარმოუდგენელი ფიზიკური მონაცემები აქვს. ფედეს ძალიან დიდი პოტენციალის პატრონია და შეუძლია, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

„მე ამ სეზონში ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ეს ჩემი სადებიუტო სეზონია და გამოცდილება აუცილებლად მჭირდებოდა.

„ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის რთული პერიოდი იყო, შეცდომისგან კი დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ მე შეცდომებზე ვსწავლობ და მათ აღარ ვიმეორებ.

„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ოთხეულში ადგილის შენარჩუნებაა, რადგან სხვაობა ინტერთან ძალიან დიდია, შემდეგ კი იტალიის თასის ფინალისთვის მოვემზადებით.“

რომელი უფრო დასანანია, სერია ა თუ ჩემპიონთა ლიგა ?

„ორივე, რადგან როდესაც შენ იუვენტუსი ხარ, სეზონის მიზნებს არ ირჩევ, შენ თითოეული ტიტულისთვის ბრძოლა გმართებს. ჩვენ პორტუსთან უკეთესად თამაში გვმართებდა, მაგრამ მატჩს სწორად არ მივუდექით და დავისაჯეთ კიდეც.

„ამის შემდეგ კი ჩვენ ბენევენტოსთან დავმარცხდით, რამაც სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოგვაშორა. გუშინ ჩემპიონთა ლიგის ყურებისას ძალიან გავბრაზდით, რადგან იქ ჩვენც უნდა ვიყოთ.“