Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ გვარდიოლა ყველასთვის მისაბაძი მაგალითია”

ანდრეა პირლომ UEFA-სთან ინტერვიუში იუვენტუსის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მწვრთნელი უფრო დიდ სტრესს განიცდის, ვიდრე ფეხბურთელი.

„საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სწავლა დავიწყე და ვხვდებოდი, რომ რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, ეს საქმიანობა უფრო მომწონდა და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მწვრთნელი გავმხდარიყავი.

„კარიერაში უდიდეს მწვრთნელებთან მომიწია მუშაობა. ლუჩესკუ, ლიპი, ანჩელოტი, კონტე და ალეგრი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან და ბედნიერი ვარ, რომ მე მათთან მუშაობის შანსი მქონდა და თითოეული მათგანისგან საჭირო ცოდნა მივიღე.“

პირლომ გუარდიოლაზეც ისაუბრა, რომელიც ბრეშაში მაესტროს თანაგუნდელი იყო.

„გუარდიოლა თითოეული მწვრთნელისთვის მისაბაძი მაგალითია. მან უკვე დაგვანახა და დღემდე ამტკიცებს, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჯერ კიდევ ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის დროს ეტყობოდა, რომ დიდი მწვრთნელი იქნებოდა.

„მან ყველას დაგვანახა, რომ შემტევი ფეხბურთით ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება.

„რა თქმა უნდა, თითოეულ მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, თუმცა სხვებისგან მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ.“

იუვენტუსში პირლოს ძალიან ბევრი მეგობარი და თანაგუნდელი დახვდა.

„ფაქტი, რომ შემადგენლობის ნახევარზე მეტს ძალიან კარგად ვიცნობ, რა თქმა უნდა დამეხმარა. თავიდან მათ ჩემი, როგორც მწვრთნელის მიღება გაუჭირდათ, თუმცა რამდენიმე საათში უკვე ყველაფერი დალაგებული იყო.“

პირლომ აღიარა, რომ ახლა უფრო მეტ სტრესს განიცდის, ვიდრე ფეხბურთელობის დროს.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის გაწვრთნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფეხბურთელობა. მოედანზე მე შემეძლო გადამეწყვიტა, თუ რა მექნა ბურთისთვის, ახლა კი მე მხოლოდ რჩევების მიცემა შემიძლია, ყველაფერს კი მოედანზე გასული ფეხბურთელი წყვეტს.“

იუვენტუსმა შემადგენლობაში ბევრი ვეტერანი ახალგაზრდა ფეხბურთელით ჩაანაცვლა.

„ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც არაჩვეულებრივი მონაცემები აქვთ. ეს ფეხბურთის ნაწილია, როდესაც ვეტერანების ციკლი დასრულდება, გუნდი ვალდებულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიმატოს.“

პირლომ რამდენიმე სიტყვა რონალდუზეც თქვა.

„ბედნიერი ვარ, რომ გუნდში ფეხბურთის სიმბოლო გვყავს და მასთან ერთად მუშაობა ყოველდღე მიწევს. მისი ვარჯიშის და თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

„რონალდუ, რომელიც 35 წლის არის, ისევე ვარჯიშობს, როგორც ამას თინეიჯერობის პერიოდში აკეთებდა, იგივე ვნებით ფეხბურთისადმი. ის თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია.“

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა ბოლო 1995/6 წლების სეზონში მოიგო.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არსებობენ და თითოეულ მეტოქესთან ბოლომდე დახარჯვა გიწევს, შეცდომების დაშვების უფლება კი არ გაქვს.

„ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება მცირე დეტალებზე არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, ზამთრის შესვენების შემდეგ თამაში ყველაზე რთულია და ამ პერიოდში ცოტა უნდა გაგიმართლოს და შედარებით მარტივი მოწინააღმდეგე უნდა შეგხვდეს, რადგან ფორმის შენარჩუნება დასვენების პერიოდში ძალიან ძნელია.“

პირლოს თქმით, მას სურს, რომ მისმა იუვემ ნებისმიერ მეტოქესთან შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.

„მე ყოველთვის შემტევი ფეხბურთი მიზიდავდა, თამაშის კონტროლი ნებისმიერ სტადიონზე. თუ ბერნაბეუზე თამაშობ, ან სხვა გამორჩეულ არენაზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გახვიდე და შენი თამაში აჩვენო.“