Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ როდესაც 4 ასეთ შეცდომას უშვებ, გავარდნა არ უნდა გაგიკვირდეს“

დრამატულ ბრძოლაში იუვენტუსმა პორტუ დამატებით დროში 3 – 2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4 – 4 დაფიქსირდა, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით კი პორტუ მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა:

„როდესაც შენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 4 ასეთ შეცდომას უშვებ, შენ ტურნირს ტოვებ.

„მას შემდეგ, რაც პორტუ 10 კაცით დარჩა, ვცდილობდით რომ მათი დაცვა გაგვეშალა და ბურთი საჯარიმო მოედნამდე მიგვეტანა, სწორედ ასე გავიტანეთ გოლები.

„ჩვენ რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რომ ეს თამაში დავივიწყოთ, თუმცა თითოეულ შეხვედრას საჭირო შემართებით უნდა შევხვდეთ და გავაანალიზოთ, რომ ჯერ მარტია და წინ ძალიან მნიშნელოვანი შეხვედრები გველოდება.“

იუვენტუსმა ძალიან ბევრი მატჩი ცუდად დაიწყო და მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდა. არის თუ არა ეს გუნდის მიდგომის ბრალი ?

„არა, დღეს ჩვენ კარგად დავიწყეთ და გვქონდა შანსი, რომ მორატას ეპიზოდში დავწინაურებულიყავით, თუმცა ეს ასე არ მოხდა, შემდეგ იყო პენალტი, მეორე ტაიმში კი გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.“

ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ პორტუს ჯარიმის დროს რონალდუ ბურთს ზურგით შეუტრიალდა და იუვეს კარში გასული გოლი სწორედ მის კისერზეა.

„კედელში მყოფ მოთამაშეებს ჩვენ ვირჩევთ და ისინი აქამდე ბურთს ზურგით არ შეხვედრიან. შესაძლოა ეს იმის გამო მოხდა, რომ ბურთი ძალიან შორს იყო და ფეხბურთელებმა საფრთხე ვერ იგრძნეს.“

ეს პირლოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი დიდი კრახი იყო.

„მწვრთნელის ცხოვრებაში ასეთი რაღაცეები ხდება. ეს ჩემთვის პირველი იყო, რის გამოც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. ჯერ კიდევ მარტია, ჩვენ კი გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ყოველდღე ვითარდებიან.

„არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელს დღეს საყვედური ეკუთვნის, მათ დღეს მოედანზე ყველაფერი დადეს და ცუდი დღე ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა ჰქონდეს.“

გასულ სეზონში მაურიციო სარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო გუნდიდან გაუშვეს.

„მე არ ვიცი, რატომ გაუშვეს სარი. მე იუვენტუსის მწვრთნელი ვარ, მე პროექტი ჩავიბარე, რომელიც რამდენიმე სეზონზეა გათვლილი, ამიტომ არ ვნერვიულობ.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენა გვსურდა, თუმცა ახლა სავარჯიშოდ მეტი დრო გვექნება და სერია ა-ს მატჩებისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ.“