Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ რონალდუ ატალანტასთან ვერ დაგვეხმარება“

ანდრეა პირლომ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუ ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

„სამწუხაროდ ხვალინდელ მატჩს დიდი დანაკლისით ვხვდებით. გუნდს კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმარება, რომელსაც ფლექსორის პრობლემა აქვს და მისი ბერგამოში თამაში ძალიან სარისკო იქნებოდა.

„კრიშტიანუმ ამ ტრავმის გამო მთელი კვირა ნაკლები დატვირთვით ივარჯიშა და გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა. იმედი გვაქვს, რომ ის მომდევნო ტურისთვის მზად იქნება, ხვალ კი დიბალას სასტარტოში ვიხილავთ.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ და გუნდი თავს კარგად გრძნობს.

„ატალანტა იტალიაში ყველასგან გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მათი ძლიერი მხარეები კარგად შევისწავლეთ და ამ შეხვედრისთვის მზად ვართ.

„ატალანტას ძალიან ბევრი ტალანტი ჰყავს, დუვან ზაპატას ფიზიკურობიდან დაწყებული იოსიპ ილიჩიჩის კრეატიულობით დასრულებული, მაგრამ ისინი არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გუნდურადაც ძლიერები არიან.

„ბოლოს ჩვენ ატალანტასთან ძალიან კარგი, ინტენსიური მატჩი ჩავატარეთ და მე ხვალ თამაშისადმი იგივე მიდგომის და ბრძოლის სურვილის დანახვის იმედი მაქვს.

„ჩვენი მიზანი დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად კარგი შედეგის დადება და სეზონის მაქსიმალურად მაღლა დასრულებაა. მართალია ეს მიზანი იუვენტუსს არ შეესაბამება, მაგრამ სამწუხაროდ ტიტულისთვის ბრძოლას ვეღარ მოვახერხებთ, რადგან სხვაობა ზედმეტად დიდია.“

1 მაისიდან მაყურებლები სტადიონზე ბრუნდებიან.

„ეს ძალიან კარგი სიახლეა არა მარტო ფეხბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს ვუბრუნდებით.“