Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ კესის ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს…

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო მილანის ფეხბურთელებზე ნადირობას განაგრძობს და მისი მთავარი სამიზნე ამჯერად ფრანკ კესი გახლავთ.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა როსონერი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან ხელფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

კესი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით ხელფასის სახით 2.2 მილიონს იღებს და როსონერი მზად არის, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას 4 მილიონი გადაუხადოს, თუმცა კოტ-დიუვარელს მინიმუმ 5.5-6 მილიონი სურს.

MilanNews-ის ჟურნალისტის ანდრეა ლონგონის ინფორმაციით, ლეონარდო მზად არის ფეხბურთელს სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კესი მილანთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მომდევნო სეზონის ბოლოს პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.