Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ და მილანის დაწყევლილი 9…

2012 წელს მილანიდან ლეგენდარული პიპო ინძაგის წასვლის შემდეგ, როსონერის რიგებში 9-ნომრიანი მაისურით არაერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ითამაშა, მაგრამ წარმატებულს ვერც ერთ მათგანს ვერ დავარქმევთ.

ინძაგის შემდეგ, 9 ნომრით ალესანდრო პატომ (0 გოლი 4 მატჩში ნომრის შეცვლამდე), ალესანდრო მატრიმ (1 გოლი 15 შეხვედრაში), ფერნანდო ტორესმა (1 გოლი 10 მატჩში) მატია დესტრომ (3 გოლი 15 მატჩში) ლუის ადრიანომ (4 გოლი 26 მატჩში) ჯანლუკა ლაპადულამ (8 გოლი 27 მატჩში), ანდრე სილვამ (2 გოლი 24 მატჩში) და გონსალო იგუაინმა (6 გოლი 15 მატჩში) მოირგეს.

2019 წელს ყველას ეგონა, რომ ამ ‘წყევლას’ კშიშტოპ პიონტეკი დაასრულებდა, რომელმაც ჯენოაში შესანიშნავი თამაში აჩვენა, მაგრამ მან 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და როსონერი დატოვა.

გასულ სეზონში 9-ნომრიანი მაისურის მორგებას არც მარიო მანჯუკიჩი შეუშინდა, თუმცა ხორვატმა ფეხბურთელმა მოედანზე მილანის მაისურით სულ რამდენიმე წუთი გაატარა და ტრავმების გამო ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ახლა მილანის ლეგენდარული მაისურის ტარების ბედნიერება ოლივიე ჟირუს ხვდა წილად და იმედია ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული იმ თამაშის ჩვენებას მოახერხებს, რასაც როსონერის ქომაგები და ხელმძღვანელები ელოდებიან…