Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იუვენტუსის ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

ჯინი ვეინალდუმის ტრავმის შემდეგ, რომელიც მოედანზე მიმდინარე წელს ვეღარ დაბრუნდება, რომამ მისი პოტენციური შემცვლელების ძიება დაიწყო და იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯალოროსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იუვენტუსის ნახევარმცველი დენის ზაკარია გახლავთ.

ზაკარიას სახელი რომას პირველად რამდენიმე დღის წინ დაუკავშირეს და SportItalia-ს ცნობით, ახლა, როდესაც რომას ნახევარმცველის დამატება აუცილებლად სჭირდება, 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესმა საგრძნობლად იმატა.

იუვენტუსი თავის მხრივ შვეიცარიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ტურინელებს პსჟ-დან ლეანდრო პარედესის გაფორმება სურთ და ნახევარდაცვის ხაზში ადგილის გამოთავისუფლება უნდათ, მაგრამ იუვე მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს, რომას გარდა კი მისი ტრანსფერით დორტმუნდი და მონაკოც ინტერესდებიან.