Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომელ ფეხბურთელებს განიხილავენ მილანი და რაიოლა…

მინო რაიოლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტურინში იმყოფებოდა და იუვენტუსს შეხვდა, სულ მალე მილანის წარმომადგენლებს შეხვდება და მხარეები რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრებენ.

პირველ რიგში მათი განსახილველი თემა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯიჯო დონარუმა იქნებიან. ორივე ფეხბურთელს მიმდინარე ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებათ და თუ იბრას გუნდში დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, ჯიჯოსთან მიმართებაში საქმე გაცილებით რთულად არის.

რაიოლა მილანის შეთავაზებულ 8 მილიონს არ თანხმდება და დონარუმას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 12 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც როსონერი ჯერჯერობით არ აპირებს…

მილანი და რაიოლა ალესიო რომანიოლის მომავალსაც განიხილავენ, რომელსაც არც თუ ისე წარმატებული სეზონი აქვს და მან ძირითადში ადგილი ფიკაიო ტომორისთან დაკარგა.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რომანიოლი – ბერნარდესკის ბარტერი კვლავ შესაძლებელია და ამ თემაზე რაიოლამ იუვენტუსთანაც ისაუბრა.

მილანი რაიოლას რამდენიმე კლიენტითაც ინტერესდება, მათ შორის 28 წლის ფულჰემის კარის დარაჯის – ალფონს არეოლას გაფორმებას განიხილავს.

ფეხბურთელი პსჟ-ს საკუთრებაშია და ფულჰემში იჯარის წესით თამაშობს და როსონერი მას ან დონარუმას შემცვლელად, ან სათადარიგო კიპერად მოიაზრებს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მილანის რადარზეა და მის ინტერესებს რაიოლა იცავს, პსვ-ს 22 წლის ფორვარდი დონიელ მალენია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.